შინაარსზე გადასვლა

კოფი ანანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოფი ანანი
კოფი ანანი
გაეროს გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1997 – 31 დეკემბერი, 2006
წინამორბედიბუტროს ბუტროს-გალი
მემკვიდრეპან გი მუნი

დაბადებული8 აპრილი, 1938
კუმასი, ოქროს ნაპირი
გარდაცვლილი18 აგვისტო, 2018 (80 წლის)
ბერნი, შვეიცარია
მეუღლეტიტი ალაკია (1965–1970)
ნანე ლაგერგენი (1984–2018)
შვილები3
რელიგიაკონფუციანელობა-ბუდიზმი
ხელმოწერა

კოფი ატა ანანი (ინგლ. Kofi Atta Annan; დ. 8 აპრილი, 1938, კუმასი, ოქროს ნაპირი — გ. 18 აგვისტო, 2018, ბერნი, შვეიცარია) — განელი დიპლომატი და გაეროს რიგით მეშვიდე გენერალური მდივანი 1997-2006 წლებში. ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი (2001). ანანი და გაერო 2001 წელს ერთობლივად გახდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები. ყოფილი გენერალური მდივანი გახლდათ „კოფი ანანის ფონდისა“ და საერთაშორისო უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც ნელსონ მანდელამ დააარსა.

ანანმა განათლება მიიღო მნიშვნელოვან და პრესტიჟულ სასწავლებლებში. მან ეკონომიკა მაკალისტერის კოლეჯში შეისწავლა; მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერისტეტში მენეჯმენტის საფუძვლებს დაეუფლა; ჟენევის უნივერსიტეტში კი საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კურსდამთავრებული გახდა.

ანანი გაეროს 1962 წელს შეუერთდა. თავდაპირველად, მას გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფისის წევრის თანამდებობა ეკავა ჟენევაში. კარიერის განმავლობაში ანანი გაეროს სხვადასხვა უწყებაში, სხვადასხვა პოზიციაზე მსახურობდა, მათ შორის 1992-1996 წლებში გახლდათ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, რაც მას გაეროს სამშვიდობო ოპერაციების ზედამხედველობას ავალდებულებდა. 1996 წელს უშიშროების საბჭომ ის გენერალურ მდივნად დანიშნა, რასაც გენერალურმა ასამბლეამაც მხარი დაუჭირა. კოფი ანანი იყო პირველი გენერალური მდივანი, რომელიც აღნიშულ უმაღლეს თანამდებობაზე გაეროს შიდა სტრუქტურიდან იქნა არჩეული. ის ხელახლა, მეორე ვადით 2001 წელსაც აირჩიეს.

კოფი ანანის ხელმძღვანელობის პერიოდში გაეროს ბიუროკრატიის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. აღნიშნულ პერიოდში, გაეროს ძალისხმევით მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ბრძოლა შიდსის წინააღმდეგ, განსაკუთრებით აფრიკის კონტინენტზე. კოფი ანანი, თავისი მმართველობის პერიოდში, მნიშვნელოვანი კრიტიკის ობიექტი გახდა უშიშროების საბჭოს გაფართოების პროცესის შეფერხების გამო. თავისი ვადის ამოწურვის შემდგომ კოფი ანანმა 2007 წელს დააარსა კოფი ანანის ფონდი, რომელიც ორიენტირებული იყო საერთაშორისო განვითარებაზე. 2012 წელს არაბული გაზაფხულის პერიოდში ის სირიაში გაეროსა და არაბული ლიგის ერთობლივი წარმომადგენელი იყო, რომელიც რეგიონში კონფლიქტის გადაჭრის გზებზე მუშაობდა, მაგრამ ანანმა აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაეროს მხრიდან კონფლიქტის მოგვარებაში მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწია. 2016 წლის სექტემბერში ანანი გაეროს კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა, რომლის მთავარი მიზანიც მიანმარში როჰინჯების გენოციდის საკითხზე მუშაობა იყო.

ადრეული წლები და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოფი ანანი დაიბადა 1938 წლის 8 აპრილს კუმასში, ოქროს ნაპირის (დღევანდელი განა) არისტოკრატულ ოჯახში, ტყუპ დასთან ეუფა ატასთან ერთად, რომელიც 1991 წელს გარდაიცვალა. კოფი და ეუფა საერთო სახელს, ატას იზიარებდნენ, რომელიც აკანურ ენაზე ტყუპს ნიშნავს. კოფი და მისი და განის არისტოკრატულ ოჯახებს, აშანტის და ფანტეს აერთიანებდნენ, მათი ბაბუა და ბიძა კი ტომის ბელადები იყვნენ.

1954-1957 წლებში კოფი ანანი სწავლობდა მეთოდისტურ მფანტსიპიმის სკოლაში, რომელიც 1870 წელს დაარსდა და ელიტურ სასწავლებლად მიიჩნეოდა. აღნიშნულ სასწავლებელში გატარებულმა დრომ კოფი ანანზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. კოფის თქმით „ტანჯვა ადამიანებს ნებისმიერ ადგილას აწუხებთ“ 1957 წელს, როდესაც ანანმა მფანტსიმპის სასწავლებელი დაამთავრა, მაშინდელმა ოქროს სანაპირომ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და განად ჩამოყალიბდა.

1958 წელს ანანმა სწავლა განაგრძო კუმასის მეცნიერების და ტექნოლოგიების კოლეჯში ეკონომიკის მიმართულებით. 1961 წელს მან მალევე მოიპოვა ფორდის ფონდის დაფინანსება, რამაც ანანს საშუალება მისცა ეკონომიკის მიმართულებით სწავლა გაეგრძელებინა აშშ-ში, მინესოტის შტატში არსებულ მაკალისტერის კოლეჯში. 1961-1962 წლებში ანანი ჟენევის უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარების და ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა. დამთავრების შემდეგ 1971-1972 წლებში მან სწავლა გააგრძელა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერისტეტის (MIT) სლონის მენეჯმენტის პროგრამაზე, სადაც ანანმა მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი მიიღო.

კოფი ანანი თავისუფლად საუბრობდა როგორც ინგლისურ, ფრანგულ და აკანურ ენებზე, ასევე სხვა რამდენიმე აფრიკულ ენაზეც.

1962 წლიდან კოფი ანანმა მნიშვნელოვანი კარიერული ეტაპები განვლო. კოფი ანანმა გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში მუშაობა დაიწყო როგორც ბიუჯეტის ოფიცერმა.

1974-1976 წლებში მუშაობდა განას სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ ტურიზმის განვითარების კომპანია აკრაში. 1980 წელს ანანი ჟენევაში ხდება ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის (UNHCR) ადმინისტრაციის უფროსი. 1983 წელს ნიუ იორკში ის გაეროს ადმინისტრაციული მენეჯმენტის სერვისის ხელმძღვანელი ხდება. ის ასევე 1987 წელს მუშაობდა გაეროს უსაფრთხოების კოორდინაციის და ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილედ. 1990 წელს კოფი ანანი ხდება გაეროს ერთ-ერთი პროგრამის დაგეგმარების, ბიუჯეტის, ფინანსების და კონტროლის ხელმძღვანელის მოადგილე.

კოფი ანანის მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა განაპირობა 1992 წელს გაეროს გენერალური მდივნის ბუტროს ბუტროს-გალის მიერ მისი, როგორც სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშვნამ (DPKO), ხოლო უკვე 1993 წლის მარტში ანანი აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და გენერალური მდივნის მოადგილე ხდება.

1995 წლის 29 აგვისტო კოფი ანანისთვის მნიშვნელოვან მომენტად ითვლება, მაშინ, როდესაც იუგოსლავია დაიშალა და მის ტერიტორიაზე რამდენიმე სახელმწიფო წარმოიქმნა, რეგიონში გახშირდა კონფლიქტური პროცესები, რამაც გაეროსა და საერთაშორისო მეგობრობის ჩარევა განაპირობა. როდესაც გენერალური მდივანი ბუტროს ბუტროს-გალი მიუწვდომელი იყო, კოფი ანანის გადაწყვეტილებით გაერომ ბოსნიის საწინააღმდეგოდ სამხედრო ოპერაციები დროებით დაუშვა, რამაც ნატოს საშუალება მისცა წერტილოვანი დარტყმები განეხორციელებინა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კოფი ანანს სამომავლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოუპოვა იმისთვის, რომ გენერალური მდივანი გამხდარიყო.

გაეროს სამშვიდობო ოპერაციების ხელმძღვანელობის პერიოდთან დაკავშირებით კოფი ანანი რამდენჯერმე გახდა კრიტიკის ობიექტი, კერძოდ, გადამდგარი კანადელი გენერლის რომეო დალაირეს მხრიდან, რომელიც გაეროს ძალებს ხელმძღვანელობდა რუანდაში. ანანი მის რეგულარულ მოთხოვნებს კონფლიქტში ჩარევასთან დაკავშირებით უყურადღებოდ ტოვებდა და სამშვიდობო ძალებს არ აძლევდა უფლებას კონფლიქტში ჩარეულიყვნენ. ანანი უყურადღებოდ ტოვებდა დალარიეს მოთხოვნებს ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ საფრთხეში მყოფი ტუცების დაცვა უზრუნველყოფილიყო. მას შემდეგ, რაც გაერომ ვერ შეძლო აღნიშნული ჯგუფის დაცვა, გენოციდის შედეგად 800,000 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. 2004 წელს გენოციდიდან 10 წლის შემდეგ კოფი ანანმა განაცხადა, რომ მას შეეძლო მეტი გაეკეთებინა და განგაში აეტეხა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

კოფი ანანმა მის წიგნში „ინტერვენციები: ცხოვრება ომსა და მშვიდობაში“ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტს შეეძლო რუანდაში არსებული ძალადობის საკითხთან დაკავშირებით მედიის დახმარებით ცნობადობა აემაღლებინა და აღნიშნული მეთოდით სახელმწიფოებზე ზეწოლა მოეხდინა იმისთვის, რომ მათ მხარი დაეჭირათ და ინტერვენციისთვის საჭირო რესურსები გამოეყოთ. ანანის მტკიცებით, სომალის მისიის ჩავარდნამ თანამეგობრობის წევრები უფრო მერყევები გახადა ინტერვენციებთან დაკავშირებით.

გაეროს გენერალური მდივანი (1997-2006)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოფი ანანი გაეროს გენერალური მდივანი მას შემდეგ გახდა, რაც 1996 წლის კენჭისყრაზე ბუტროს ბუტროს-გალის მეორე ვადით არჩევას აშშ-მ ვეტო დაადო. აღნიშნული მოვლენების შედეგად გალი იძულებული გახდა მოეხსნა მისი კანდიდატურა, ის გახდა პირველი გენერალური მდივანი, რომელიც მხოლოდ ერთი ვადით იყო არჩეული და უარი თქვა მეორე ვადაზე. გალის კანდიდატურის მოხსნამ ანანს საშუალება მისცა, რომ მას საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა. კოფი ანანის მთავარი კონკურენტი გაეროს გენერალური მდივნის პოზიციაზე ამარა ესეი იყო, რომლის დამარცხებაც ანანმა პირველ ტურში ერთი ხმით შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ რაუნდში ანანმა გამარჯვება მოიპოვა მის კანდიდატურას სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა საფრანგეთის მხრიდან, ანანის კანდიდატურას საფრანგეთმა ვეტო ოთხჯერ დაადო. საფრანგეთის აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აშშ-ს მიერ ვეტოს დადებით გალის კანდიდატურაზე. საფრანგეთი თვლიდა, რომ ანანი ვერ შეძლებდა საჭირო რეფორმების გატარებას გაეროს განვითარებისთვის და ასევე მას არ ექნებოდა საკმარისი დამოუკიდებლობის ხარისხი, როგორიც სახელმწიფო წარმომადგენელს შეიძლებოდა ჰქონოდა. საფრანგეთი ცდილობდა სხვა კანდიდატების მხარდაჭერას ან დარწმუნებას, რომ მათ გაეროს გენერალური მდივნის პოზიციაზე კანდიდატურა დაესახელებინათ. საფრანგეთის ძალისხმევის და 4 ვეტოს მიუხედავად მან ვერ შეძლო ვითარების შეცვლა, ხოლო მეხუთედ საფრანგეთი ხმის მიცემის პროცედურას არ დაესწრო. გაეროს უშიშროების საბჭომ კოფი ანანის კანდიდატურას 1996 წლის 13 დეკემბერს მხარი დაუჭირა, ხოლო ოთხი დღის შემდგომ გენერალურმა ასამბლეამ კოფი ანანის კანდიდატურა დაამტკიცა. კოფი ანანი როგორც გაეროს გენერალური მდივანი მოვალეობის შესრულებას 1997 წლის 1 იანვრიდან შეუდგა.

კოფი ანანის მეორე ვადით არჩევა გენერალურ მდივნად, აფრიკის წარმომადგენელს აღნიშნული თანამდებობის მესამედ დაკავების საშუალებას მისცემდა, სწორედ ამიტომ აზია-წყნარი ოკეანიის ქვეყნების წარმომადგენლობამ ანანის კანდიდატურისთვის მხარდაჭერის ერთი პირობა წამოაყენა, რომლის მიხედვითაც აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლობას 2006 წელს ხმა უნდა მიეცა აზიის კანდიდატისთვის გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობის დასაკავებლად. გაეროს უშიშროების საბჭომ ანანის კანდიდატურას 2001 წლის 27 ივნისს მხარი დაუჭირა, ხოლო 29 ივნისს კი უკვე გენერალურმა ასამბლეამ კოფი ანანი მეორე ვადით აირჩია გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

რეკომენდაციები გაეროს რეფორმისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოფი ანანმა, როგორც უკვე გაეროს გენერალურმა მდივანმა, გამოაქვეყნა ორი რეპორტი მენეჯმენტის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ახალი მენეჯმენტის მექანიზმების დანერგვას ისახავდა მიზნად. ახალი უწყების სტრუქტურა მინისტრთა კაბინეტის მსგავსი უნდა ყოფილიყო, რომელიც გენერალურ მდივანს დაეხმარებოდა და უზრუნველყოფდა გაეროს აქტივობებსა და მის ძირითად ოთხ სხვა მიმართულებას შორის მჭიდრო კავშირის არსებობას. მეორე რეპორტი „გაეროს განახლება - პროგრამა განახლებისთვის“ ფოკუსირებული იყო გაეროს ეტაპობრივი და ეფექტური რეფორმირებისთვის. აღნიშნული რეფორმის თანახმად უნდა ჩამოყალიბებულიყო სტრატეგიული მენეჯმენტი, რომელიც ორიენტირებული უნდა ყოფილიყო გაეროს მისიის გაძლიერებაზე; ვიცე-გენერალური მდივნის პოსტის შექმნაზე, ადმინისტრაციული ხარჯებისა და ბიუროკრატიისა თანამდებობების 10%-იან შემცირებაზე; სახელმწიფოებრივ დონეზე გაეროს გაძლიერებასა და ახალი პარტნიორების მოძიებაზე, როგორც სამოქალაქო ისე კერძო სექტორში. კოფი ანანის გაეროს რეფორმირების პროგრამას ასევე დაემატა უშიშროების საბჭოს სტატუსის ცვლილებისა და გაფართოების გეგმა.

გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოზე კოფი ანანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გაეროს მიმართ ნდობის კლებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ორგანიზაციის რეპუტაციას. ანანის მტკიცებით, თუ ორგანიზაცია არ გააუმჯობესებდა ადამიანთა უფლებების დაცვას, ეს მნიშვნელოვნად შეუშლიდა ხელს ორგანიზაციის მიმართ ნდობის აღდგენას. იმისდა მიუხედავად, რომ საბჭოს გარკვეული ხარვეზები გააჩნდა, მას მაინც შეეძლო მისი მისიის შესრულება.

2000 წელს კოფი ანანმა შექმნა გაეროს პანელი, რომელიც სამშვიდობო ოპერაციების გაუმჯობესებაზე იმუშავებდა. პანელი ორიენტირებული იყო არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და რეალისტური რეკომენდაციების შემუშავებაზე. პანელმა შეიმუშავა რეპორტი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც „ბრაჰმის რეპორტი“, ვინაიდან პანელის თავმჯდომარე ლახდარ ბრაჰმი იყო. პანელის მტკიცებით, რეფორმების ეფექტიანობისთვის უნდა მომხდარიყო გაეროს მშვიდობისმყოფელი ოპერაციებისთვის შესაბამისი რესურსების მიწოდება და აღჭურვა, ასევე მშვიდობისმყოფელებისთვის მანდატის მკვეთრი განსაზღვრა, რაც მისიის რეალისტურ შესრულებას უზრუნველყოფდა. ანანის მტკიცებით, პანელის რეკომენდაციების გაზიარება აუცილებელი იყო გაეროს მიერ მშვიდობის უზრუნველყოფის ეფექტიანობისთვის. გაეროს უშიშროების საბჭომ აღნიშნული რეპორტი მიიღო და მისი სამშვიდობო ოპერაციებში განხორციელებას მხარი დაუჭირა.

ათასწლეულის განვითარების პროგრამა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს კოფი ანანმა გამოაქვეყნა რეპორტი „ჩვენ ადამიანები: გაეროს როლი 21-ე საუკუნეში“. აღნიშნული რეპორტი მოუწოდებდა წევრ სახელმწიფოებს, რომ მათ ადამიანების უსაფრთხოება და სიცოცხლე ყველაფერზე მაღლა დაეყენებინათ, ქალების, კაცებისა და ბავშვების ცხოვრების პირობები გაეუმჯობესებინათ. ანანის რეპორტი ასევე ხაზს უსვამდა იმას, რომ მილიარდ ადამიანზე მეტი სიღარიბეში ან არაადამიანურ პიროებში ცხოვრობს და აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოებმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან. ათასწლეულის სამიტზე სახელმწიფოების მიერ მიღებულ იქნა ათასწლეულის დეკლარაცია, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნომ განახორციელა.

შიდსთან ბრძოლის ფონდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

90-იანი წლების დასაწყისში, მსოფლიოში შიდსის ეპიდემიის ზრდამ გაერო და კოფი ანანი იძულებული გახადა დაავადების პრევენციაზე ეზრუნათ. 2001 წელს ანანმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ვინაიდან აღნიშნულ პრობლემას ის მის პირად პრიორიტეტად მიიჩნევდა. ანანის ინიციატივით უნდა შექმნილიყო საერთაშორისო შიდსის და ჯანმრთელობის ფონდი, რომლის მთავარი მიზანიც იქნებოდა შიდსის და სხვა ანალოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა. იმავე წელს, სპეციალურ სესიაზე გაერომ მხარი დაუჭირა აღნიშნული ფონდის შექმნას და ფონდი 2002 წელს დაარსდა.

დაცვის პასუხისმგებლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც გაერომ და საერთაშორისო მეგობრობამ ვერ შეძლო რუანდაში გენოციდის აღკვეთა, დაიწყო მნიშვნელოვანი დებატები იმასთან დაკავშირებით უნდა ჩარეულიყო თუ არა საერთაშორისო მეგობრობა მსგავს კრიზისებში იმ მიზნით, რომ დაეცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა. 1999 წლის 20 სექტემბერს კოფი ანანმა ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე, სადაც მან ხაზი გაუსვა არსებულ პრობლემას და განაცხადა, რომ მომავალი „თაობებისთვის“ მსგავსი შედეგი აღარ უნდა დამდგარიყო, რომ ინდივიდუალური თავისუფლება, რომელსაც გაეროს ადამიანის უფლებების დეკლარაცია იცავს უნდა გაძლიერებულიყო, როგორც თვითონ გაერო. კოფი ანანის განცხადებით, დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში ჰუმანიტარული ინტერვენცია არ ზღუდავს სახელმწიფოს სუვერენულობას.

სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ჰუმანიტარულ ინტერვენციას შორის ბალანსის საპოვნელად კანადის მთავრობამ 2001 წელს შექმნა სპეციალური კომისია, რომლის მთავარი მიზანიც აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა იყო. 2001 წელს საერთაშორისო კომისიამ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თავისი საბოლოო ანგარიში წარადგინა. აღნიშნული ანგარიში საუბრობდა არა სახელმწიფოების უფლებაზე, უნდა მოეხდინათ თუ არა მათ ინტერვენცია, არამედ მასების უფლებების დაცვაზე.

კოფი ანანი ისევ იქცა კრიტიკის ობიექტად, ამჯერად ერაყთან დაკავშირებით. გაეროს სპეციალური კომისია (UNSCOM) ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის მცდელობას იძიებდა, მაგრამ სადამ ჰუსეინმა აღნიშნული კომისია მანდატის დარღვევის გამო გააძევა. კომისიის წევრი სკოტ რიტერი კოფი ანანს ადანაშაულებდა კომისიის არაეფექტურობაში, ვინაიდან ის აქტიურად ერეოდა კომისიის საქმიანობაში და კომისიის მიკრო მენეჯმენტს ახდენდა, რაც გამოძიებას ხელს უშლიდა. რიტერის მტკიცებით, ანანის პირდაპირი ინსტრუქციების გარეშე კომისიის რამდენიმე წევრი უარს ამბობდა მოქმედებაზე, რაც ინსპექციის მნიშვნელოვან შეფერხებას იწვევდა. გარდა კლინტონის ადმინისტრაციის ზეწოლისა ანანზე, კომისიის წევრები ცდილობდნენ იმ ადგილების ინსპექტირებას, რომლებიც მანდატით არ იყო განსაზღვრული, რამაც ერაყელებში გაურკვევლობა და შემდგომში უკვე გაღიზიანება გამოწვია, შედეგად ერაყმა კომისია გააძევა. ბრალდების თანახმად ანანმა ასევე უარი თქვა კომისიის შესაძლებლობაზე გაუფრთხილებლად ჩაეტარებინა ინსპექცია შერჩეულ ადგილებზე, სანაცვლოდ ანანმა ერაყთან მოლაპარაკების გზა აირჩია, რაც დროში გაწელილი პროცესი აღმოჩნდა და ერაყს საკმარისი დრო მისცა ტერიტორიების დასაცლელად სადაც სავარაუდოდ მასობრივი განადგურების იარაღები ინახებოდა.

ერაყის 2003 წლის ინტერვენციამდე ანანმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდა გაეროს მხარდაჭერის გარეშე ინტერვენცია არ მოეხდინათ. 2004 წელს BBC-თან არსებულ ინტერვიუში კოფი ანანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სახის ინტერვენცია გაეროს მხარდაჭერის გარეშე არაკანონიერი იყო.

სხვა დიპლომატიური აქტივობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს ანანი აქტიურად იყო ჩართული და მხარს უჭერდა ნიგერიაში სამხედრო მმართველობიდან სამოქალაქოზე მმართველობაზე გადასვლას. იმავე წელს ის მხარს უჭერდა ინდონეზიისგან აღმოსავლეთ ტიმორის გამოყოფას და დამოუკიდებლობას. 2000 წელს ანანი ასევე აქტიურად იყი ჩართული ისრაელის ლიბანიდან გასვლის პროცესში, ასევე 2006 წელს კოფი ანანმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კამერუნის და ნიგერიის პრეზიდენტებს შორის ნიუ იორკში გამართულ მოლაპარაკებებში, რომლის შედეგადაც ორ ქვეყანას შორის დავა ბაკასის ნახევარ-კუნძულის გარშემო გადაიჭრა.

ანანი ასევე მხარს უჭერდა გაეროს მშვიდობისმყოფელების გაგზავნას სუდანში. ის აქტიურად თანამშრომლობდა სუდანის მთავრობასთან, რომ აფრიკის ერთობის მშვიდობისმყოფელები გაეროს მშვიდობისმყოფელებს ჩაენაცვლებინათ. ანანის მდივნობის პერიოდში ის ასევე აქტიურად თანამშრომლობდა მუსლიმურ ქვეყნებთან ქალების უფლებებთან და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

ნავთობი საკვების სანაცვლოდ სკანდალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოფი ანანის შვილმა კოჯო ანანმა დიდი ოდენობის ანაზღაურება მიიღო შვეიცარიული კომპანია Cotecna Inspection-ისგან, რომელმაც გაეროს პროგრამაში მნიშვნელოვანი კონტრაქტი მოიგო. გამოქვეყნებული ინფორმაცია სავარაუდო კორუფციაზე მიანიშნებდა, რომელშიც შესაძლოა კოფი ანანი მის შვილთან ერთად იყო ჩართული. კოფი ანანმა არსებული ბრალდებების საპასუხოდ გამოძიების ჩატარების და საკითხის შესწავლის სურვილი გამოთქვა. 2005 წლის ნოემბერში „The Sunday Times-მა“ აღიარა შეცდომა და ბოდიში მოიხადა, ის ასევე დათანხმდა ეღიარებინა ინფორმაციის მცდარობა და ზიანის მიყენებისთვის კოჯო ანანისთვის ფინანსური კომპენსაცია გადაეხადა.

ანანმა აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელსაც აშშ-ის ფედერალური რეზერვის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ ვოლკერი უძღვებოდა. კომისიასთან პირველ ინტერვიუში ანანმა უარყო კონტეკას წარმომადგენლებთან შეხვედრა, მაგრამ მოგვიანებით გამოკითხვის დროს ანანმა გაიხსენა ორი შეხვედრა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან ელლი-გეორგეს მასეითან. ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ კომისიამ დაადგინა, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები რაც ანანის დანაშაულზე მიუთითებდა, მაგრამ კომისიამ გამოავლინა ბენონ სევანის ბრალეულობა, რომელიც გაეროს ერთ-ერთპროგრამაზე მუშაობდა. იმისდა მიუხედავად, რომ სევანის გარდა სხვა დამრღვევები არ გამოვლენილან კომისიის ანგარიში საკმაოდ კრიტიკული იყო. ის პროგრამაში მნიშვნელოვან პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას და მისი რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებდა.

2001 წელს კოფი ანანი და გაერო მშვიდობის დარგში ერთობლივად გახდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები. კომისიამ ანანი მისი მშვიდობის დარგში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა, ვინაიდან მისი ძალისხმევით მსოფლიო უფრო სტაბილური და მშვიდობიანი გახდა. ასევე ანანის მეშვეობით გაერომ ახალი მთავარი პრიორიტეტი შეიძინა, როგორიცაა ადამიანის უფლებები. კომისიამ ასევე აღნიშნა ანანის ძალისხმევა შიდსთან წინააღმდეგ ბრძოლაში და მისი ძლიერი წინააღმდეგობა საერთაშორისო ტერორიზმის მიმართ.

გამოსამშვიდობებელი სიტყვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის 19 სექტემბერს ნიუ იორკში ანანმა გაეროს გენერალური მდივნის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში მსოფლიო ლიდერებს მიმართა და სამ ძირითად პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება: მსოფლიოში უსამართლო ეკონომიკური გარემოზე, მსოფლიოში სტაბილურობის ნაკლებობაზე და ადამიანის უფლებებზე/კანონის უზენაესობაზე. ანანის აზრით, მისი გენერალური მდივნობის პერიოდში აღნიშნული პრობლემები არ გადაიჭრა, არამედ უფრო მეტად გამწვავდა. მან ასევე ხაზი გაუსვა აფრიკაში ძალადობის ზრდას, ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვას.

2006 წლის 11 დეკემბერს მის საბოლო გამოსვლაში, რომელიც ჰარი თრუმანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა, ანანმა ისაუბრა ტრუმანის ძალისხმევაზე გაეროს შექმნასთან დაკავშირებით, მან ასევე მოუწოდა აშშ-ს დაბრუნებოდა ტრუმანის მულტილატერალიზმს და მის კრედოს მიყოლოდა „დიდი სახელმწიფოების ვალდებულებაა ადამიანების მსახურება და არა მათზე დომინირება“.

გაეროს შემდგომი კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს გენერალური მდივნობის შემდგომ ანანი საცხოვრებლად ჟენევაში გადავიდა. იმის და მიუხედავად, რომ ის აღარ ხელმძღვანელობდა გაეროს ის მაინც აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო ჰუმანიტარულ პროცესებში.

2007 წელს კენიაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაპირისპირება დაიწყო. აფრიკის კავშირის ინიციატივით მოხდა ცნობილი აფრიკელი ადამიანების მოწვევა იმ მიზნით, რომ აღნიშნული კონფლიქტი მშვიდობიანად გადაჭრილიყო. კომისიას თავმჯდომარეობდა ანანი, რომელმაც მოახერხა და ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის კერძოდ პრეზიდენტ მვაი კიბაკის პარტიას „ეროვნულ ერთობასა“ და რაილა ოდინგას პარტიას „ნარინჯისფერ დემოკრატიულ მოძრაობას“ შორის მოლაპარაკებების დაწყება დაეგეგმა. ორ ჯგუფს შორის მოლაპარაკებები 41 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, აღნიშნული მოლაპარაკებების დროს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოხერხდა. მოლაპარაკებები 28 თებერვალს დასრულდა, რომლის მიხედვითაც დაპირისპირებულმა მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს და ხელი მოაწერეს კოალიციური მთავრობის შექმნას.

სპეციალური წარმომადგენელი სირიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოფი ანანი 2012 წლის 23 თებერვალს სირიაში გაეროს და არაბული ლიგის ერთობლივ წარმომადგენლად დაინიშნა, რომლის მთავარი მიზანიც სირიის სამოქალაქო ომის დასრულება იყო. კონფლიქტის დროებით შეჩერებისთვის მან შეიმუშავა ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. ანანის მცდელობების შედეგად, დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ აღნიშნული შეთანხმება მალევე დაირღვა და მხარეებს შორის კონფლიქტი კვლავ განახლდა. 2 აგვისტოს ანანმა გაეროს და არაბული ლიგის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა, ვინაიდან ორივე მხარე როგორც ასადი ისე აჯანყებულები უარს აცხადებდნენ დათმობაზე, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ვერ ხერხდებოდა ეფექტური გამოსავლის პოვნა და მასზე შეთანხმება. ანანის მტკიცებით, საერთაშორისო დონეზე ერთობლიობის ნაკლებობამ და არაეფექტურმა დიპლომატიამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის შესაძლებლობა შეუძლებელი გახადა.

1965 წელს კოფი ანანი დაქორწინდა ტიტი ალაკიჯაზე, რომელიც ანანივით ნიგერიული არისტოკრატიული ოჯახიდან იყო. აღნიშნულ ქორწინებაში ანანს შეეძინა ორი შვილი, ქალიშვილი-ამა და ვაჟიშვილი-კოჯო. 70-იან წლებში წყვილმა ცალ-ცალკე ცხოვრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბოლოოდ 1983 წელს განქორწინებით დასრულდა. 1984 წელს ანანი ხელახლა დაქორწინდა, ოღონდ ამჯერად შვედ ადვოკატზე, რომელიც ასევე გაეროში მუშაობდა.

გარდაცვალება და დაკრძალვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 18 აგვისტოს მცირე ავადმყოფობის შემდგომ კოფი ანანი 80 წლის ასაკში ბერნში, შვეიცარიაში გარდაიცვალა. კოფი ანანის სხეული ჟენევიდან მის მშობლიურ განაში გადაასვენეს, აკრის კოტოკას აეროპორტში მოკლე სამგლოვიარო პროცესი გაიმართა, სადაც ანანის კუბო გაეროს ლურჯ დროშაში იყო გახვეული და მას თან ახლდნენ ანანის ქვრივი ნანე ანანი და მისი შვილები. 13 სექტემბერს აკრის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში გაიმართა ანანის საჯარო პანაშვიდი. ანანის დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ მსოფლიო ლიდერები, ლიდერები აფრიკიდან, ტრადიციული განელი მმართველები, ევროპის სამეფო ოჯახის წევრები და საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის გაეროს მოქმედი გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერესი. კოფი ანანი სრული სამხედრო ღირსებით დაკრძალეს დახურულ ცერემონიაზე ბურმის ახალ სამხედრო სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: