ბოლონიის პროცესი
ბოლონიის პროცესი — ევროპის ქვეყნების განათლების სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას უმაღლესი განათლებისათვის. ამ უკანასკნელის მიზანი კი არის ევროპის მოქალაქეთა დასაქმებისა და მობილობის გაძლიერება და ევროპული უმაღლესი განათლების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ბოლონიის პროცესი დაიწყო უნივერსიტეტების დიდი ქარტიით (ლათ. Magna Charta Universitatum). ეს იყო პროცესის საპროგრამო დოკუმენტი, რომელიც მიღებულ იქნა ქალაქ ბოლონიაში, მსოფლიოს უძველესი ბოლონიის უნივერსიტეტის 900 წლისთავზე, 1988 წელს 382-მა უნივერსიტეტმა მიიღო. ბოლონიის პროცესს საქართველო 2005 წლის მაისში შეუერთდა, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში.
ქარტია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეამბულა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროპის უნივერსიტეტების, ქვემორე ხელისმომწერი, რექტორები შეიკრიბნენ ბოლონიაში, ევროგაერთიანების ქვეყნებს შორის საზღვრების გაუქმებამდე ოთხი წლით ადრე, ევროპის უძველესი უნივერსიტეტის ცხრაასი წლისთავის აღსანიშნავად; ევროპულ ერებს შორის შორსგამიზნული თანამშრომლობის იმედითა და რწმენით, რომ ადამიანები და სახელმწიფოები მუდმივცვალებად და მზარდ ინტერნაციონალურ საზოგადოებაში განსაკუთრებით გააცნობიერებენ უნივერსიტეტების როლს. ისინი მიიჩნევენ, რომ
1. ათასწლეულის მიჯნაზე კაცობრიობის მომავალი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმ კულტურულ, სამეცნიერო და ტექნიკურ განვითარებაზე, რომელიც უნივერსიტეტების კულტურულ, სასწავლო და კვლევით ცენტრებში მიმდინარეობს;
2. უნივერსიტეტების დანიშნულება - გაავრცელოს ცოდნა ახალგაზრდა თაობებს შორის - დღეს მთელ საზოგადოებაზე უნდა გავრცელდეს; საზოგადოების კულტურული, სოციალური და ეკონომიკური მომავლი საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს უწყვეტი განათლების უზრუნველსაყოფად;
3. უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს მომავალი თაობა ისეთი განათლებით, რომელიც მას ბუნებრივი გარემოსა და სიციცოხლის ჰარმონიის პატივისცემას ასწავლის.
ევროპის უნივერსიტეტების, ქვემორე ხელისმომწერი, რექტორები, ყველა სახელმწიფოსა და ერის წინაშე ვაცხადებთ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც ამიერიდან საფუძვლად დაედება უნივერსიტეტების საქმიანობას.
ფუნდამენტური პრინციპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უნივერსიტეტი არის ავტონომიური დაწესებულება, განსხვავებული ისტორიული მემკვიდრეობისა და გეოგრაფიული პირობების გამო სხვადასხვაგვარად ორგანიზებულ საზოგადოებებში, რომელიც ქმნის, ამოწმებს, აფასებს და ავრცელებს კულტურას კვლევისა და სწავლების გზით. არსებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, კვლევა და სწავლება ზნეობრივად და ინტელექტუალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლებისაგან;
- უნივერსიტეტში სწავლება და კვლევა ურთიერთისაგან განუყოფელი უნდა იყოს, რათა სასწავლო პროცესი არ ჩამორჩეს საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებსა და სამეცნიერო ცოდნის მიღწევებს;
- კვლევისა და სწავლების თავისუფლება საუნივერსიტეტო ცხოვრების ფუნდამენტური პრინცი პია. ამიტომ, მთავრობებმა და უნივერსიტეტებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყონ ამ ფუნდამენტური მოთხოვნის პატივისცემა. უნივერსიტეტი გმობს შეუწყნარებლობას და ღიაა დიალოგისათვის; ის იდეალური ასპარეზია ისეთი მასწავლებლებისათვის, რომლებიც მზად არიან სხვას გაუზიარონ თავისი ცოდნა, განავითარონ იგი კვლევისა და ინოვაციების საშუალებით და გადასცენ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ამ ცოდნასთან ზიარების უფლება, სურვილი და უნარი;
- უნივერსიტეტი არის ევროპული ჰუმანისტური ტრადიციების მეურვე. იგი მუდმივად მიისწრაფვის უნივერსალური ცოდნისაკენ. მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას უნივერსიტეტი სცილდება გეოგრაფიულ და პოლიტიკურ საზღვრებს და ადასტურებს სხვადასხვა კულტურათა ურთიერთშეცნობისა და ურთიერთგავლენის სასიცოცხლო აუცილებლობას.
განხორციელების საშუალებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზემოთ მოყვანილი პრინციპების გათვალისწინებით, ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა თანამედროვე პირობების შესაფერისი ეფექტური საშუალებების გამოყენება:
- კვლევასა და სწავლებაში თავისუფლების დასაცავად, აღნიშნული თავისუფლების სარეალიზაციოდ აუცილებელი საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ერთობის ყველა წევრისათვის;
- მასწავლებელთა მოზიდვა და მათი სტატუსის განსაზღვრა უნდა ექვემდებარებოდეს კვლევისა და სწავლების განუყოფლობის პრინციპს;
- ყველა უნივერსიტეტმა - კერძო გარემოებების სათანადო გათვალისწინებით - უნდა უზრუნველყოს სტუდენტების თავისუფლებების დაცვა და მათ მიერ ისეთი გარემოთი სარგებლობა, რომელშიც შესაძლებელია კულტურისა და ცოდნის შეძენა;
- უნივერსიტეტები - განსაკუთრებით ევროპაში - ინფორმაციისა და მონაცემების ურთიერთგაცვლასა და სწავლის გაუმჯობესებისათვის გახშირებულ ერთობლივ პროექტებს განიხილავენ, როგორც აუცილებელს ცოდნის შემდგომი განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც თავიანთი არსებობის ადრეულ ეტაპზე, უნივერსიტეტები ხელს უწყობენ სტუდენტებისა და მასწავლებლების მობილობას. ამავდროულად, უნივერსიტეტები ეკვივალენტური სტატუსის, წოდებების, გამოცდებისა (ეროვნული დი პლომებისადმი უნდობლობის გარეშე) და სტი პენდიების მინიჭების ზოგად პოლიტიკას მიიჩნევენ მნიშვნელოვან ფაქტორად დღევანდელ პირობებში თავიანთი მისიის განსახორციელებლად.
ქვემორე ხელისმომწერი რექტორები, მოქმედებენ რა თავიანთი უნივერსიტეტების სახელით, გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ყველა სახელმწიფომ და დაინტერესებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თავისი პოლიტიკა ჩამოაყალიბოს ამ დიდი ქარტიის მიხედვით, რომელიც უნივერსიტეტების თავისუფალ და ერთსულოვან სურვილს გამოხატავს.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოლონიის პროცესი დაარქივებული 2009-01-05 საიტზე Wayback Machine. - საქართველსო სახელმწიფო სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტი;
- 2005 წლიდან ბრიტანეთში მოქმედი ოფიციალური საიტი;
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-10-21 საიტზე Wayback Machine. (ინგლ.);
- Magna Charta Universitatum დაარქივებული 2009-07-31 საიტზე Wayback Machine. (ინგლ.);
- ქართული საგანმანათლებლო სისტემის ინტეგრაცია საერთაშორისო სტანდარტად აღიარებულ ერთიან ევროპულ სივრცეში;
- Magna Charta დაარქივებული 2009-10-05 საიტზე Wayback Machine. - ეუა-ს ოფიციალურ საიტზე (ინგლ.);