შინაარსზე გადასვლა

დევოლუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დევოლუცია — ცენტრალური ხელსუფლების მიერ ძალაუფლების გადაცემაა სუბ-ეროვნული ერთეულებისთვის. დევოლუციის ფარგლებში უფლებამოსილებების გადაცემა ძირითად შემთხვევებში სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით ხორციელდება და კონსტიტუციის შეცვლას არ საჭიროებს. სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, უნიტარული სახელმწიფოები კვლავ რჩებიან უნიტარულებად და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიხედვით არ ტრანსფორმირდებიან ფედერაციულ ქვეყნებად. ფედერალიზმისგან განსხვავებით დევოლუციის ერთ-ერთი წინაპირობაა ის, რომ სახელმწიფოებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გააუქმონ სუბ-ეროვნული ერთეულების განსხვავებული სამართლებრივი მდგომარეობა.[1]

დევოლუცია შუა საუკუნეების ლათინური სიტყვისგან Devolvo-დან (ქვემოთ გადაცემა) მომდინარეობს, რომელიც ჯერ შუა ფრანგულში Dévolution ტერმინად დამკვიდრდა, ხოლო ინგლისურში Devolution ფორმა მიიღო.

ისტორიულად ხელისუფლებები ცენტრალიზებული მმართველობისკენ იხრებოდნენ, თუმცა XX საუკუნის მეორე ნახევარში, ფედერალური და უნიტარული სისტემის მქონე სახელმწიფოების მიერ შეხედულების გადასინჯვა მოხდა, რამაც გამოიწვია ცენტრალური ხელისუფლებების მიერ ცენტრალური ძალაუფლებების შეზღუდვა რეგიონული, ადგილობრივი ხელისუფლებების სასარგებლოდ. დევოლუციაც სწორედ ამ ტენდენციის გამოძახილია. მის ყველაზე ცნობილ მაგალითებად შეგვიძლია 1980-იანი წლების საფრანგეთისა და 1990-იანი წლების გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებული რეფორმები მივიჩნიოთ.

1980-იან წლებამდე საფრანგეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალიზებული მმართველობის მქონე ქვეყანა იყო. ეროვნული ხელისუფლება პარიზიდან მართავდა თითოეული პროვინციისა თუ რეგიონის შიდა საქმეებს, დაწყებული მათი ბიუჯეტების დამტკიცებით, დამთავრებული ახალი სკოლებისა თუ ქუჩების სახელდებით. პარალელურად იზრდებოდა სუბ-ეროვნული ხელისუფლებების მოცულობა და პასუხისმგებლობა, თუმცა მერების უმეტესობა მხარს ცენტრალიზებულ ხელისუფლებას უჭერდა, რასაც შემდგომში დაერქვა კიდეც ტერმინი Tutelle, რომელიც „ზედამხედველობას“ ნიშნავს. სწორედ 80-იან წლებში, პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის (1981-1995 წწ.) თაოსნობით, საფრანგეთის სოციალისტურმა მთავრობამ, გადაწყვიტა მნიშვნელოვნად გაეზარდა სუბ-ეროვნული მთავრობების უფლებამოსილებები და თითქმის ყველა ასპექტში მოესპოთ Tutelle-ები, რაც გულისხმობდა თვითმმართველობების თითქმის სრულ დამოუკიდებლობას, ზედამხედველობის შემცირებას შიდა საქმეების გადაწყვეტის პროცესში.

გაერთიანებული სამეფო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევოლუცია, როგორც უმთავრესი პოლიტიკური საკითხი დიდ ბრიტანეთში 1970-იანი წლებიდანაა აქტუალური. შოტლანდიასა და უელსში უფრო და უფრო მეტ მოქალაქეს გაუჩნდა განცდა, რომ შიდა პროცესების მართვა დამოუკიდებლადაც შეეძლოთ. მზარდი საზოგადოებრივი განწყობები ასევე გადაიზარდა პოლიტიკურ აქტივიზმში. 70-იან წლებში შოტლანდიის ეროვნულ პარტიისა და უელსის პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 1979 წელს სამთავრობო, ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით, რომელსაც მხარს შოტლანდიის ეროვნულ პარტია, უელსის პარტია და ლიბერალური პარტიები უჭერდნენ, შოტლანდიასა და უელსში გაიმართა რეფერენდუმი. თუმცა ორივე მათგანი ამომრჩეველთა არასაკმარისი მხარდაჭერის გამო ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა დევოლუციას მისცა, მხარდაჭერა მაინც არასაკმარისი იყო, რადგან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას განსაკუთრებული კვორუმი სჭირდებოდა, ორი მეხუთედის ოდენობით.

80-იანი წლებისა და შემდგომში 90-იანების განმავლობაში, დევოლუციის მხარდამჭერთა რიცხვმა იმატა, მიუხედავად იმისა, რომ 1979 წლიდან 1997 წლამდე ორივე ქვეყანაში გამართულ პარლამენტის მორიგ არჩევნებში გამანადგურებელი უპირატესობებით, მუდმივად ლეიბორისტული პარტიის კანდიდატები იმარჯვებდნენ, ეროვნული მთავრობა, ლონდონში მაინც შედგებოდა კონსერვატიული პარტიის დეპუტატებისგან. 1997 წელს ლეიბორისტების მიერ ჩამოყალიბდა მთავრობა და ტონი ბლერმა სადავეები ხელში აიღო, შედეგად, დაიწყო რეალური ძვრები, რაც დევოლუციასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებაში აისახა. საკანონმდებლო შეთავაზებების პაკეტი ორივე ქვეყნისთვის სხვადასხვაგვარი იყო.

შოტლანდიას ლონდონმა შესთავაზა ისეთი პარლამენტის შექმნა, რომელსაც კანონშემოქმედებითობის უფლება ექნებოდა, ასევე შეძლებდა თავადვე დაედგინა საგადასახადო ტარიფები და აეკრიფა ისინი. უელსს კი შესთავაზეს ასამბლეა, რომელიც შოტლანდიისგან განსხვავებით შედარებით სუსტი უფლებამოსილებებით აღიჭურვებოდა და ფუნქციურად ლონდონში მიღებული სამართლებრივი რეგულაციების გამტარებელი იქნებოდა. 1997 წლის 11 სექტემბერს შოტლანდიელებმა სრული უმრავლესობით დაუჭირეს მხარი ტონი ბლერის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, ერთი კვირის თავზე იგივე უკვე უელსელებმაც გააკეთეს. ორივე ინსტიტუციაში პირველი სხდომები 1999 წელს გაიმართა. 1998 წელს ბელფასტის შეთანხმებით (ასევე ცნობილი როგორც დიდი პარასკევის შეთანხმება) ჩრდილოეთ ირლანდიას მიენიჭა საკუთარი პარლამენტის შექმნის უფლება და აღუდგა პოლიტიკური ავტონომია, რომელიც 1970-იან წლებში ლონდონმა შეზღუდა. ასევე გადაწყდა რეგიონული ასამბლეების შექმნა მთელი ინგლისის მასშტაბით.

დევოლუცია ბევრ ქვეყანაში განიხილება რეგიონული, ეროვნული, ეთნიკური ან რელიგიური პრობლემების გადაწყვეტის გზად, მაგალითად ისეთ მულტიეთნიკურ საზოგადოებებში, როგორებიცაა შრი-ლანკა და ინდონეზია. დევოლუცია ასვე გვხვდება ფინეთში, სადაც მთავრობამ ფართო უფლებებით აღჭურვა შვედურად მოსაუბრე მოსახლეობა ალანდის კუნძულებზე; ესპანეთში, სადაც რეგიონული მთავრობები (ბასკეთის სახელმწიფო, კატალონია, გალისია და ანდალუსია) აღჭურვილები არიან ფართო ძალაუფლებებით. ასევე, იტალიაში, სადაც რამდენიმე რეგიონი აღიჭურვა „სპეციალური ავტონომიით“ ცენტრალური ხელისუფლების მიერ.

ავსტრალია ფედერაციული მოწყობის ქვეყანაა. მას ექვსი შტატი და ორი ტერიტორია აქვს, რომელთაც შტატებთან შედარებით მცირე უფლებამოსილებები გააჩნიათ. ავსტრალიის ფედერალურმა ტერიტორიამ უარი განაცხადა თვითმმართველობაზე 1978 წლის რეფერენდუმით, თუმცა მიიღეს ლიმიტირებული თვითმმართველობა, რომელიც 1979 წელს ასამბლეის სახლის სახით განხორციელდა, რაც შეეხება საკანონმდებლო ასამბლეას, ის 1988 წელს გაზრდილი უფლებამოსილებებით დაფუძნდა. ავსტრალიის ჩრდილოეთის ტერიტორიამ 1998 წლის რეფერენდუმის საფუძველზე უარი განაცხადა გაერთიანებაზე. მოქალაქეების არჩევანი მოულოდნელი იყო როგორც ავსტრალიის ისე ჩრდილოეთს ტერიტორიების ხელმძღვანელი პირებისთვის.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კოლუმბიის ოლქისათვის დამახასიათებელია დევოლუციის შედეგად გადაცემული ხელისუფლების ნიშნები. ოლქი გამიჯნულია ყველა სხვა შტატისგან და გააჩნია საკუთარი, არჩევითი ხელისუფლება. კოლუმბიის ოლქი, შტატი არ არის, ის ფედერალური ოლქია. როდესაც 1787 წლის ამერიკის კონსტიტუცია შეიქმნა, კოლუმბიის ოლქი მერილენდის შტატის ნაწილი იყო. 1791 წელს, ოლქი ფედერალურ მთავრობას ჩამოაშორეს იმ მიზნით, რომ ის აშშ-ს დედაქალაქი გახდებოდა.

1978 წლის ესპანეთის კონსტიტუციის მიხედვით, ავტონომიები გარანტირებული ჰქონდათ იმ ერებსა და რეგიონებს, რომლებისგანაც შედგებოდა ესპანეთის სამეფო. „ავტონომიების სისტემურობამ“ (ესპ. Estado de las Autonomías) შედეგი მალევე მოიტანა და ესპანეთის მისამართით გაჟღერებული ციტატების შინაარსიც ამაზე მეტყველებს: „უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სახელისუფლებო ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადანაწილების შესანიშნავი მაგალითი“ და „ექსტრაორდინალურად დეცენტრალიზებული სახელმწიფო“, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებისთვის ფინანსური სახსრების მხოლოდ 18 % იყენებს, 38 % რეგიონულ მთავრობებზე მიდის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კი 13 % საჭიროებენ. დანარჩენი თანხა კი სოციალურ და სამშვიდობო მიზნებს ხმარდება.[2]

2013 წლის 12 დეკემბერს კატალონიის ხელისუფლებამ რეფერენდუმის გამართვის სურვილის შესახებ განაცხადა, რომლის მიზანიც ტერიტორიული თვითგამორკვევა იყო. ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეფერენდუმის გამართვა არაკონსტიტუციური იქნებოდა და იგი არ გაიმართებოდა. 2017 წლის 1 ოქტომბერს რეგიონულმა მთავრობამ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოზიციის მიუხედავად რეფერენდუმი მაინც გამართა, რასაც ესპანეთის სასამართლოს მიერ რეფერენდუმის შედეგების გაუქმება მოჰყვა. კატალონიის ხელისუფლების რამდენიმე ხელმძღვანელი პირი კი დაიჭირეს.

კანადა ფედერაციული სახელმწიფოა და იყოფა 10 პროვინციად და 3 ტერიტორიად. ბოლო პრეცედენტი, როდესაც პროვინცია უფრო ფართო უფლებამოსილებებით აღიჭურვა, 1999 წელს ნუნავუტი იყო, რომელმაც დევოლუციის გზით გაიფართოვა სამართლებრივი უფლებამოსილებები და შეუერთდა იუკონსა და ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებს, რომლებმაც იგივე გზა მასზე დიდი ხნით ადრე გაიარეს. ნუნავატუ ეტაპობრივად ტრანსფორმირდა ფართო უფლებების მქონე რეგიონად, კანადის ცენტრალური ხელისუფლება გარკვეული ძალაუფლებების დელეგირებას ნუნავატუს მისამართით გეგმაზომიერად ახორციელებდა.

მექსიკა იყოფა 31 შტატად და ერთ ფედერაციულ ოლქად. თითოეულ შტატს გააჩნია საკუთარი კონსტიტუცია. თითოეულ შტატს გააჩნია საკანონმდებლო ორგანო — კონგრესის სახით, შტატების ხელმძღვანელები და ასევე შტატების აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები — გუბერნატორები. ხოლო, ფედერაციული ოლქი განსაკუთრებული პოლიტიკური წარმონაქმნია, რომელიც მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ცენტრალურ ნაწილს მოიცავს.

დევოლუცია საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო მკაცრად ცენტრალიზებული სახელმწიფო არასოდეს ყოფილა. რუსეთის იმპერიისგან გათავისუფლების შემდეგ ტერიტორიული მოწყობის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა. 1918-1921 წლებში საქართველო იყო ავტონომიების მქონე უნიტარული დეცენტრალიზებული სახელმწიფო. ტერიტორიული მოწყობის საკითხის განხილვის დროს ფედერალიზმის იდეა უარყო ეროვნულ-დემოკრატებმა, თავიანთი პოლიტიკური მრწამსის გამო, ხოლო ფედერალისტ-სოციალისტები, მართალია, ფედერალიზმის იდეას ემხრობოდნენ, მაგრამ მიიჩნევდნენ, რომ სანამ ერი და სახელმწიფო ძალას არ მოიკრებდა, სახელმწიფოს ფედერალური სტრუქტურირება შეიძლება ზიანის მომტანი ყოფილიყო. 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს საქართველოს პირველი კონსტიტუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველო არის თავისუფალი დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო“. კონსტიტუციამ აფხაზეთს, „სამუსლიმანო საქართველოს“ (ბათუმის მხარე) და ზაქათალას მიანიჭა ავტონომია. სამწუხაროდ, საქართველოს ანექსიის გამო ამ კონსტიტუციამ დღის სინათლე ვერ იხილა.

საბჭოთა ანექსიის შემდგომ პერიოდში, 1922 წლის საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციაშიც აღნიშნულია, რომ აფხაზეთი საქართველოსთან დაკავშირებულია განსაკუთრებული სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე. აღსანიშნავია, ასევე, რომ საბჭოთა კავშირთან მიერთების შემდეგ, 1922 წელს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახით კიდევ ერთი ავტონომია შეიქმნა. 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციაში ტერიტორიული მოწყობა ყველაზე ბუნდოვანი საკითხია.

დღევანდელი საქართველოს ტერიტორიული მოწყობა ასე გამოიყურება: რეგიონული ნიშნით შექმნილია სამი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, აქ 1993 წლიდან ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა განხორციელდა. რაიონები და ქალაქები ცხრა მხარედ გაერთიანდა, რომელთა უმეტესობის საზღვრები ისტორიულ საზღვრებს დაემთხვა. პარალელურად ხორციელდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შემუშავება, რომელის სრულყოფაც დღემდე მიმდინარეობს. მხოლოდ აღნიშნული კოდექსის საშუალებითაა შესაძლებელი დადგინდეს დეცენტრალიზაციის რა ხარისხია მიღებული საქართველოში. განსხვავებით წინა თავებში აღნიშნული საერთაშორისო გამოცდილებისგან, ხშირ შემთხვევაში, საქართველოში დეცენტრალიზაცია არ ყოფილა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებისა თუ საჭიროებების გამოძახილი.

დევოლუციისთვის დამახასიათებელი შინაარსის მქონე სამართლებრივი ურთიერთობა საქართველოსა და სხვა რომელიმე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულთან ვლინდება სამ შემთხვევაში:

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
  • ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

უპირველესად თითოეული მათგანის ჩამოყალიბება ემსახურებოდა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნას და არა დეცენტრალიზაციის გამორჩეული პრეცედენტის შექმნას. ასევე, არცერთი დოკუმენტი, რომელიც შედგა ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებთან, დიდი ბრიტანეთის გამოცდილებისგან განსხვავებით, არ ყოფილა კონსესუსისა და თანამშრომლობის შედეგი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Devolution, federalism and a new constitution for the UK en (2014-01-08). ციტირების თარიღი: 2019-02-22
  2. „A survey of Spain: How much is enough?“. The Economist. 6 November 2008. ციტირების თარიღი: 25 August 2010.