შინაარსზე გადასვლა

კომედია დელ არტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არლეკინი

კომედია დელ არტე, ნიღბების კომედია (იტალ. commedia dell'arte) — იმპროვიზაციაზე დამყარებული თეატრი, რომელშიც პროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ.

ამ ტიპის თეატრი პირველად იტალიაში, 1545 წელს გაჩნდა. მსახიობები ნიღბებს ატარებდნენ და წინასწარ განსაზღვრული სცენარის ჩარჩოში ტექსტების იმპროვიზაციას ახდენდნენ. კომიკურს ეფექტს ძირითადად ჟესტიკულაცია ქმნიდა. ზოგიერთი პერსონაჟის არსებობა აუცილებელი იყო.

  • მასხარები: არლეკინი (მხიარული და კეთილი პერსონაჟი), სკარამუში (არლეკინის საპირისპირო ), ბრიგელა (მიკიტანი).
  • მოხუცები: პანტალონე (ახალგაზრდა გოგოზე შეყვარებული ბებერი), ექიმი...
  • ჯარისკაცები (ტრაბახა და ზოგჯერ მშიშარა): კაპიტანი, მატამორი, სპავენტო....
  • შეყვარებულები (გულუბრყვილო, მაგრამ მოხერხებული პერსონაჟები): იზაბელა, კოლომბინა...

კომედია დელ არტეს ზოგიერთი პერსონაჟი იმდენად ცნობილი და პოპულარული გახდა რომ სხვა ტიპის თეატრებშიც გადავიდა. პოლიშინელი ინგლისურ პანჩს დაედო საფუძვლად, კაპიტანი იაპონური ტენგუს სახით შემორჩა, პედროლინოსგან ფრანგული პიერო წარმოიშვა.

პანტალონე

თეატრალურ დასებს, განსაკუთრებით მათ, ვინც პროვინციაში მოღვაწეობდა, არ ჰქონდათ ფიქსირებული ადგილი და მოგზაურობისას თან დაჰქონდათ ფიცარნაგი სცენები. წინასწარ შემუშავებული სასცენარო მოდელები საშუალებას აძლევდათ სულ რამდენიმე საათში სცენაზე წარმოედგინათ ადგილობრივი სიტუაციები. კომედიები დაფუძნებული იყო ადვილად ამოსაცნობ, სტერეოტიპულ, ემფატური ჟესტიკულაციის მქონე პერსონაჟებზე, იმპროვიზიტებულ დიალოგებზე, მუსიკალურ ინტერლუდიებსა და მასხარაობაზე, რათა მიეზიდათ და დაეკმაყოფილებინათ სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ პირობებში მყოფი ფართო პუბლიკა. შეყვარებული წყვილისა და მსახურების გარდა ყველა მსახიობი ატარებდა ნიღაბს. თითოეული დასში დაახლოებით ათი-ოცი მსახიობი შედიოდა, ამას ემატებოდა დასის ხელმძღვანელი, რომელიც როლებს ანაწილებდა, ზოგჯერ მუსიკოსები, ჟონგლიორები, აკრობატები და პოეტები.

კომედია დელ არტეს პოპულარობა იტალიაში, ისევე როგორც მის ფარგლებს გარეთ, განსაცვიფრებელი იყო. XVII საუკუნეში ესპანეთისა და საფრანგეთის ხელისუფლება თეატრის ამ ფორმის რეგლამენტირებასა და ცენზურასაც კი შეეცადა. XVIII საუკუნეში იტალიაში კარლო გოლდონი კიდევ უფრო პოპულარულს ხდის კომედია დელ არტეს. გოლდონი თავისი მსახიობებიდან წერილობითი ტექსტის მიყოლასა და მარტივ მასხარაობაზე უარის თქმას მოითხოვს, თანდათან უკუაგდებს ნიღბებს და პერსონაჟებს უფრო მეტად დამახასიათებელ ინდივიდუალობას სძენს. მან კომედია დელ არტე სახასიათო კომედიად აქცია. გოლდონისგან განსხვავებით კარლო გოცი ცდიობს შეინარჩუნოს კომედია დელ არტეს სატირული და პათეტიკური მხარე და გადმოიტანოს იგი თანამედროვე ჩვევებსა და პერსონაჟებზე. XIX საუკუნეში ამ ტიპის თეატრი თითქმის დავიწყებას ეძლევა, თუმცა საფრანგეთში პიეროსა და კოლომბინას პერსონაჟები პანტომიმაში იმკვიდრებენ ადგილს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]