მათე 2
მათე 2 — მათეს სახარების მეორე თავი. თავი 23 მუხლისგან შედგება. 2:1-13 მუხლებში საუბარი აღმოსავლელ მოგვებზე. 2:14-15 ეგვიპტეში გაქცევას ეხება, როდესაც იოსებმა იესო ქრისტე და მარიამ ღვთისმშობელი ეგვიპტეში წაიყვანა. 2:16-18 მუხლებში აღწერილია ჰეროდეს მიერ ყრმათა ამოჟლეტვა. 2:19-23 მუხლებში საუბარია ეგვიპტიდან დაბრუნებაზე. [1]
მუხლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტექსტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1. როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს:
2. „სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“.
3. ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.
4. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და ჰკითხა მათ, სად უნდა შობილიყო ქრისტე.
5. მათ კი უთხრეს მას: „იუდეის ბეთლემში. ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:
6. „და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის; ვინაიდან შენგან გამოვა წინამძღოლი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს“.
7. მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა მოგვები და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი.
8. წარგზავნა ისინი ბეთლემს, და უთხრა: „წადით, გულმოდგინედ გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას“.
9. მათაც მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ. და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდოდა და დადგებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო.
10. ვარსკვლავი რომ დაინახეს, მათ მეტისმეტი სიხარულით გაიხარეს.
11. როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას. გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
12. და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდეს თან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.
13. როცა ისინი წავიდნენ, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე, რადგან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი“.
14. ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და მივიდა ეგვიპტეს.
15. და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბ ობს: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“.
16. ძალიან განრისხდა ჰეროდე, როცა ნახა, რომ გააწბილეს მოგვებმა. მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და იმაზე უმცროსები ბეთლემში და მთელ მის სანახებში, იმ დროის მიხედვით, როგორც მოგვთაგან გამოიძია.
17. მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18. „ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს თავი ინუგეშოს, ვინაიდან აღარ არიან ისინი“.
19. ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ კი, აჰა, ეგვიპტეში იოსებს სიზმრად გამოეცხადა უფლის ანგელოზი
20. და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდნენ“.
21. ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.
22. ხოლო როცა გაიგო, რომ არქელაოსი მეფობს იუდეაში, მამამისის, ჰე როდეს, ნაცვლად შეეშინდა იქ წასვლისა, მაგრამ სიზმრად მიიღო გაფრთხილება და წავიდა გალილეის მხარეში,
23. მივიდა და დასახლდა ნაზარეთად წოდებულ ქალაქში, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმეოდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მათე 2 – ზურაბ კიკნაძის თარგმანი