ფირუზი
ფირუზი — ბუნებრივი ფოსფატების კლასის მინერალი, ; მე-4 რიგის საიუველირო ქვა. კრისტალდება ტრიკლინურ სინგონიაში. შეფერილობა ღია ცისფრიდან მოცისფრო-მწვანემდე და მქრქალ მორუხო-მწვანემდეა. დროსთან ერთად ფერი მკრთალდება. ერთფეროვნად შეფერილი ფირუზი იშვიათად გვხვდება, უფრო ხშირად გამსჭვალულია წვრილი შავი ან მურა ძარღვებით. ბრწყინვალება მინისებრი ან ცვილისებრია. სიმაგრე მოოსის სკალით 5–6. სიმკვრივე დაახლ. 2850 კგ/მ³. ფირუზი ჰიპერგენული მინერალია, წარმოიქმნება სპილენძშემცველი ქანების გამოფიტვის ქერქში,[1] ზოგჯერ – განამარხებული ცხოველების ძვლების ჩანაცვლებით (ე. წ. ოდონტოლითი). გვხვდება ფარულ-კრისტალური მასების, თირკმლისებრი, ქერქისებრი და ძარღვისებრი აგრეგატების სახით.[2]
საიუველირო საქმეში ყველაზე მეტად ფასობს სუფთა ცისფერი ფერის ფირუზი. უნიკალური თვითნაბადი ფირუზი (მასა 80 კგ) აღმოჩენილია 1956 წელს აშშ-ში, ნევადის შტატში. ადვილად იღებება (ე.წ. ხელოვნური გაკეთილშობილება). ფართოდაა გავრცელებული ფირუზის ნაყალბევები, რომლებიც დამზადებულია სხვა მინერალებისგან (მაგ., დოლომიტი), პლასტმასისგან, ფაიფურისგან და სხვ. ყველაზე ცნობილი საბადოებია ირანში (ნიშაბურში — საუკეთესო ხარისხის), ტაჯიკეთში (ბირიუზაკანი), უზბეკეთში (აუმინზა), ყაზახეთში (ყარყარალი), აშშ-ში (სერილოსი), ეგვიპტეში (ვადი-მაგარა) და სხვ.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ფირუზი
- ფირუზის მონაცემები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Пекова Н. А. Бирюза // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 554.
- ↑ ფირუზი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 331.