შინაარსზე გადასვლა

აბრაამისეული რელიგიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუკა, აბრაამის რელიგიებისა (ვარდისფერი) და ინდური რელიგიების (ყვითელი) გავრცელება პლანეტაზე.

აბრაამისეული რელიგიები — იმ მონოთეისტური რელიგიების საერთო სახელწოდება, რომლებიც სათავეს ძველი სემიტური ტრადიციიდან იღებენ და უკავშირდებიან პატრიარქ აბრაამს. აბრაამული რელიგიებია იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. აბრაამი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ირწმუნა ერთი ღმერთი. მას ეწოდებოდა ყველა მორწმუნის მამა. აბრაამის ყველა რელიგია, ამა თუ იმ ზომით, აღიარებს ძველი აღთქმის წერილებს და წინასწარმეტყველებებს, რომლებიც შეიცავს სწავლებას ადამიანის ღვთაებრივ დანიშნულებაზე. სამივე რელიგია აღიარებს ერთ ღმერთს, როგორც სამყაროს შემოქმედსა და მამას.

აბრაამულ რელიგიებს უწოდებენ გამოცხადებისეულ და წერილობით რელიგიებსაც, რადგან მათი სწავლება დაფუძნებულია საღვთო გამოცხადებაზე – ღმერთი ეცხადება ადამიანს და გადასცემს საკუთარ ნებას. წმინდა წერილი არის საღვთო გამოცხადების ფიქსაცია. გამოცხადება მიანიშნებს ადამიანისთვის შეუცნობელ, ღვთიურ საიდუმლოებაზე. აბრაამისეული რელიგიების განსაკუთრებულობას წარმოადგენს ადამიანური მსხვერპლშეწირვის და თვითმკვლელობის უარყოფა.

XX საუკუნიდან აბრაამულ რელიგიებს შორის აქტიური დიალოგის პროცესი მიმდინარეობს. 2006 წლისთვის აბრაამისეული რელიგიების მიმდევართა საერთო რაოდენობა დაახლოებით 3,7 მილიარდს შეადგენდა.

ყველა აბრაამისეული რელიგია წარმოიშვა ძველი ებრაელების მონოთეისტური რელიგიის ნიადაგზე. ის გავრცელებული იყო ქანაანის ტერიტორიაზე ძვ. წ. I ათასწლეულის დამდეგამდე. ახ. წ. I საუკუნეში ამავე ტერიტორიაზე წარმოიქმნა ქრისტიანობა, რომელმაც ბაზად გამოიყენა იუდაიზმის რადიკალურად რეფორმირებული საფუძვლები. ქრისტიანობა ჩამოყალიბდა, როგორც არა ებრაელი ხალხის, არამედ ზენაციონალური რელიგია. VII საუკუნეში არაბეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ისლამი, რომელმაც ზოგიერთი ასპექტით გამოიყენა იუდაიზმისა და ქრისტიანობის რელიგიური მემკვიდრეობა, თუმცა არ გამხდარა მათი ბუნებრივი განვითარება და გაგრძელება. მაჰმადმა, ისლამის დამაარსებელმა, ამ რელიგიების შემცვლელად დაასახელა ალაჰის რელიგია.

მსგავსება და განსხვავება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბრაამისეული რელიგიების პირველი წერილობითი წყაროა თორა, რომელსაც ქრისტიანულად ეწოდება ხუთწიგნეული, ხოლო არაბულად თაურუ. ის ყველა აბრაამული რელიგიის მიერაა აღიარებული, მაგრამ განსხვავებული ინტერპრეტაციით. ქრისტიანული ტრადიციის ძველი აღთქმა პრაქტიკულად მთლიანად შეესაბამება ებრაულ თანახს. ისლამისთვის საღვთო წიგნებია თორა, დავითის ფსალმუნნი და სახარება. იუდაიზმის მიმდევრები და ქრისტიანები მუსლიმებისთვის წიგნის ხალხია.

სამივე რელიგიაში სხვადასხვაგვარად განიმარტება იესო ქრისტეს ისტორიულობის და ღვთაებრიობის საკითხი. იუდაიზმი ქრისტეს არ მიიჩნევს მესიად და არ აღიარებს მის ღვთაებრიობას, იუდაიზმში უარყოფილია ქრისტე და სახარება. ქრისტიანებისთვის ქრისტე არის ძე ღვთისა, სამების მეორე პირი, მესია, კაცობრიობის მხსნელი და მისი ცოდვების გამომსყიდველი. ქრისტე არის ეკლესიის თავი, სახარება კი საღვთო უწყებაა. ისლამში აღიარებს ქრისტეს წმინდანობას, მის მესიანისტურ მიზანს და ესქატოლოგიურ როლს, პატივს სცემს მას, როგორც დიდ წინასწარმეტყველს. ისლამი იზიარებს ახალი აღთქმის რამდენიმე თეზისსაც, მაგრამ უარყოფს ქრისტეს ღვთაებრიობას და მის თანასწორობას ალაჰთან. მუსლიმების რწმენით, ქრისტეს მიეცა სახარება, რომელიც ქრისტიანებმა დაამახინჯეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]