შინაარსზე გადასვლა

მარგარეტ ტეტჩერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი
Margaret Hilda Thatcher
მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი Margaret Hilda Thatcher
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მაისი, 1979 – 28 ნოემბერი, 1990
მონარქი  ელისაბედ II
წინამორბედიჯეიმზ კალაჰანი
მემკვიდრეჯონ მეიჯორი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 თებერვალი, 1975 – 4 მაისი, 1979
წინამორბედიედვარდ ჰიტი
მემკვიდრეჯეიმზ კალაჰანი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 თებერვალი, 1975 – 28 ნოემბერი, 1990
წინამორბედიედუარდ ჰიტი
მემკვიდრეჯონ მეიჯორი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ივნისი, 1970 – 4 მარტი, 1974
პრემიერ-მინისტრიედუარდ ჰიტი
წინამორბედიედუარდ შორტი
მემკვიდრერეჯინალდ ფრენთისი

პარლამენტის წევრი ფილჩლიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 ოქტომბერი, 1959 – 9 აპრილი, 1992
წინამორბედისერ ჯონ ქროუდერი
მემკვიდრეჰერთლი ბოტი

დაბადებული13 ოქტომბერი, 1925
გრენტჰემი, ლინკოლნშირი, ინგლისი
გარდაცვლილი8 აპრილი, 2013 (87 წლის)
ლონდონი, ინგლისი
ეროვნებაბრიტანელი
პოლიტიკური პარტიაკონსერვატიული პარტია
მეუღლედენის ტეტჩერი
შვილებიქეროლ ტეტჩერი
მარკ ტეტჩერი
პროფესიაქიმიკოსი
სამართალმცოდნე
რონალდ რეიგანი და მარგარეტ ტეტჩერი კემპ დევიდში.

ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი (Margaret Hilda Thatcher, ქალიშვილობაში რობერტსი; დ. 13 ოქტომბერი, 1925 — გ. 8 აპრილი, 2013) — გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი 1979-1990 წლებში და ასევე, კონსერვატიული პარტიის ლიდერი 1975-1990 წლებში. ის იყო მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი და 2016 წლამდე ამ პოსტზე ერთადერთი ქალბატონი. საბჭოთა ჟურნალისტიკა მას ეძახდა „რკინის ლედის“ – მეტსახელს, რომელიც ასოცირდებოდა მის უკომპრომისო პოლიტიკასა და ლიდერობის სტილთან. მან დანერგა პოლიტიკა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი.

თავდაპირველად, მკვლევარი ქიმიკოსი, მოგვიანებით კი ბარისტერი, ტეტჩერი აირჩიეს პარლამენტის წევრად ფინჩლიდან 1959 წელს. ედვარდ ჰიტმა დანიშნა ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრად 1970 წლის მთავრობაში. 1975 წელს ტეტჩერმა დაამარცხა ჰიტი კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში და იქცა ოპოზიციის ლიდერად. ის იყო პირველი ქალი, რომელიც ლიდერობდა ძირითად პოლიტიკურ ძალას გაერთიანებულ სამეფოში. ის გახდა პრემიერ მინისტრი 1979 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

დაუნინგის ქუჩა ნომერ ათში გადასვლის შემდეგ, ტეტჩერმა გამოიგონა პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივების სერიები, რათა შემოებრუნებინა ბრიტანეთის დაღმასვლა. მისი პოლიტიკური ფილოსოფია და ეკონომიკური პოლიტიკა ეყრდნობოდა დერეგულაციას(კერძოდ, ფინანსური სექტორის), მოქნილ შრომის ბაზარს, სამთავრობო მფლობელობაში მყოფი კომპანიების პრივატიზაციასა და სავაჭრო კავშირების ძალისა და გავლენის შემცირებას. ტეტჩერის პოპულარობა პირველ წლებში საგრძნობლად მცირდებოდა რეცესიისა და მაღალი უმუშევრობის გამო, სანამ ეკონომიკის გამოცოცხლება არ დაიწყო და 1982 წლის ფოლკლენდის ომმა არ გაზარდა მისი რეიტინგი მსოფლიო მასშტაბით, რასაც მოჰყვა ხელახალი არჩევა 1983 წელს.

ტეტჩერი მესამე ვადითაც აირჩიეს 1987 წელს, მაგრამ მისი სათემო გადასახადი იყო ძალიან არაპოპულარული და მის შეხედულებებს ევროპულ კავშირზე არ იზიარებდნენ მისი კაბინეტის წევრები. ის გადადგა პრემიერის პოსტიდან 1990 წლის ნოემბერში.

ტეტჩერის პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. გადადგომის შემდეგ დაწერა წიგნი „სახელმწიფოს მართვის ხელოვნება“. 1992 წლის ივნისში ბარონესის ტიტული მიანიჭეს. იგი ბილდერბერგის კლუბის მუდმივი წევრი იყო.

გარდაიცვალა 2013 წლის 8 აპრილს.[1]

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ჰილდა რობერტსი დაიბადა 1925 წლის 13 ოქტომბერს, ინგლისის პატარა ქალაქ გრენტჰემში (ლინკოლნშირი). მარგარეტის მამა იყო ალფრედ რობერტსი, დედა ბეატრის სტეფენსონი. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს გრენტჰემში ორსართულიანი სახლი ჰქონდათ, რომლის პირველი სართული სურსათ-სანოვაგის სათავსოდ გამოიყენებოდა, მეორე სართულზე კი მათი ოჯახი ცხოვრობდა. სწორედ ამ სახლში 1921 წლის მაისში დაიბადა მარგარეტ რობერტსის ერთადერთი და - მიურიელი. 4 წლის შემდეგ კი მარგარეტი.

მარგარეტ რობერტსი 1930 წლის 3 სექტემბერს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში შეიყვანეს. 1936 წლის ზაფხულში კი კესთვენის გოგონების კერძო სკოლაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მარგარეტმა 1941 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა, ამისთვის კი ლათინური ენა უნდა შეესწავლა. 1942 წლის დეკემბერში ოქსფორდის ერთ-ერთ უძველეს კოლეჯში, სამერვილში ჩააბარა მისაღები გამოცდები. პარალელურად ჩააბარა ნოტინჰემის უნივერსიტეტში და ლონდონის უნივერსიტეტის ბედფორდ-კოლეჯში. მარგარეტს სამერვილიდან უარი შემოუთვალეს. საბოლოოდ მან მიზანს მიაღწია და სამერვილში დაიწყო სწავლა.

მარგარეტ რობერტსი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში და ოქსფორდის უნივერსიტეტის კონსერვატორთა ასოციაციის წევრი გახდა. მალე ის ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს და ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი პირველი დიდი წარმატება იყო. 1947 წელს მარგარეტმა გამოსაშვები გამოცდები ჩააბარა და მეორე კლასის მეცნიერებათა (ქიმია) ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 წელს ტეტჩერი აირჩიეს პარლამენტის წევრად ფინჩლის საარჩევნო ოლქიდან კონსერვატიული პარტიის წარდგინებით. 1961-1964 წლებში ეკავა პენსიების და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საპარლამენტო მდივნის პოსტი. 1970-1974 წლებში იყო განათლების მინისტრი ედუარდ ჰიტის მთავრობაში.

ოპოზიციაში ყოფნის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წელს კონსერვატიულ პარტიაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირებანი დაიწყო. წარმოიქმნა რამდენიმე პოლიტიკური ბანაკი, ერთ-ერთ მათგანში კი კიტ ჯოზეფი და მარგარეტ ტეტჩერი აღმოჩნდნენ, რომლებიც მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ჰიტის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. ამრიგად საფუძველი ჩაეყარა „ახალი კონსერვატორების" კონცეფციას, რომელსაც კონსერვატიული პარტიის ახალი კურსი უნდა განესაზღვრა. 1975 წელს კონსერვატიული პარტიის ლიდერი მარგარეტ ტეტჩერი გახდა. 11 თებერვალს[2] თემთა პალატაში მან შემდეგი სიტყვები წაიკითხა:

ვიკიციტატა
„თავი სიზმარში მგონია, როცა ისეთი პიროვნებების გვერდით, როგორებიც ჰაროლდ მაკმილანი, ალეკ დუგლას-ჰოუმი და ედვარდ ჰითი არიან, მარგარეტ ტეტჩერის სახელს და გვარს ვხედავ. თითოეულმა მათგანმა ხელმძღვანელობის თავისი სტილი შემოიტანა და თავისი დიდებული კვალი დატოვა... მინდა, ჩემს გულშემატკივრებს და იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი სჯეროდა და მენდობოდა, ვუთხრა - „გმადლობთ".[2]

პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეიბორისტების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კონსერვატორებმა ახალი ენერგია მოიკრიბეს და საზოგადოების ნდობა მოიპოვეს. 1979 წლის 28 მარტს ირლანდიელმა ექსტრემისტებმა მოკლეს კონსერვატორი ეირი ნივი. მისმა მკვლელობამ ლეიბორისტული ხელისუფლების დასასრული გამოიწვია და იძულებული გახდნენ ვადამდელი არჩევნები დაენიშნათ. 1979 წლის 3 მაისს არჩევნებში კონსერვატორებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს. დაუნინგ სთრითის 10 მარგარეტ ტეტჩერმა დაიკავა და ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა. 4 მაისს, დაუნინგ სთრითის 10-ის კიბეებზე ტეტჩერმა ერთ-ერთ კითხვას ასე უპასუხა:

ვიკიციტატა
„ძალიან საინტერესოა, რომ პატარა ქალაქში, ძალიან მოკრძალებულ ოჯახში მიღებულმა ცოდნამ დღეს არჩევნებში გამამარჯვებინა.[3]

ფოლკლენდის კრიზისი და მარგარეტ ტეტჩერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ტეტჩერის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადა 1979-1983 წლებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარდაქმნების პერიოდია. დიდი ყურადღება ეთმობა საშინაო პოლიტიკას, სოციალურ რეფორმებს. პროცესებს დაემთხვა ე.წ. „ნავთობის შოკი", ვინაიდან ირან-ერაყს შორის მიმდინარე ომს ნავთობზე ფასების გაორმაგება მოჰყვა. დასავლეთ ევროპა უმუშევრობამ მოიცვა, დიდ ბრიტანეთში 1981 წლის თებერვალში უმუშევართა რაოდენობამ 2,4 მილიონს მიაღწია, რაც მოსახლეობის 10%-ს უდრის, ხოლო ტეტჩერის რეიტინგი 28%-მდე დაეცა.[4] შედეგად 1983 წლის არჩევნებში ტეტჩერს დამარცხების დიდი შანსი ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელად 1982 წელს მოხდა ისეთი მოვლენა, რამაც მოქმედ პრემიერ-მინისტრს შემდგომ ორ არჩევნებში უპირობო გამარჯვება მოუპოვა. 1982 წლის 2 აპრილს ბრიტანეთის სუვერენულ ტერიტორიაზე არგენტინის სამხედრო ძალები ფოლკლენდის კუნძულზე შეიჭრნენ და სამხედრო კონტროლი დაამყარეს. დიდი ბრიტანეთი ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, მას ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა დაეცვა.

ფოლკლენდის კრიზისი 1982 წლის 2 აპრილიდან დაიწყო და 14 ივნისს პორტ სტენლში თეთრი დროშის აფრიალებით დასრულდა. მარგარეტ ტეტჩერის მიერ ასე წარმატებით ჩატარებულ საბრძოლო მოქმედებებს არავინ ელოდა და მის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულებაც კი იყო, როგორც ბრიტანელებში ისევე ევროპასა და აშშ-ში.[5] თემთა პალატა პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოუდგა, ხოლო მისმა ერთ-ერთმა წევრმა, ინოკ პაუელმა ეს სიტყვები წარმოთქვა:

ვიკიციტატა
„ტესტმა გვიჩვენა, რომ ლითონი უმაღლესი სინჯისაა ეს სუბსტანცია დრეკადიცაა და ძლიერიც, მტკიცეც და გამძლეც. ემოციებს არ ექვემდებარება, გარდა ამისა, მზად არის სხვადასხვა სახისა და სირთულის ეროვნული საკითხის გადაწყვეტისთვის.[5]

1983 წლის 10 იანვარს, პორტ სტენლის მერიაში, ფოლკლენდის კუნძულებზე ვიზიტისას მარგარეტ ტეტჩერმა თავის გამოსვლაში ასე შეაჯამა ფოლკლენდის ომი:

ვიკიციტატა
„მსოფლიოს მაგალითი ვაჩვენეთ. დავიცავით ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის და ამით იმედი ჩავუსახეთ და შესაძლოა, გზაც გავუკვალეთ მათ, ვინც ოდესმე ამგვარ სიხარულს იგემებს.[6]

2015 წლის იანვარში ფოლკლენდის კუნძულების დედაქალაქში მარგარეტ ტეტჩერის ბიუსტი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი მარკ ტეტჩერი დაესწრო.[7]

პრემიერ-მინისტრობის მეორე ვადა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ტეტჩერის პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადა მტკიცე პოლიტიკური ნაბიჯებით გამოირჩეოდა, მაგრამ ამავდროულად მან დაკარგა საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა. ლონდონი, ბირმინგემი, ბრისტოლი, ლივერპული და სხვა დიდი ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. დემონსტრანტები ტეტჩერის მთავრობის პროგრამათა სერიას აპროტესტებდნენ. ყველაფრის მიუხედავად ხელისუფლება დათმობებზე არ წავიდა და ეს ტეტჩერის პოლიტიკის დამახასიათებელი ნიშანი გახდა. მარგარეტ ტეტჩერის პოლიტიკურ ბედზე უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა ფოლკლენდის კრიზისმა, რომლის შედეგებმა დიდ ბრიტანეთს კვლავ დიდება და მის პრემიერ-მინისტრს ,,რკინის ლედის" სახელი განუმტკიცა. ომის მოგებამ ტეტჩერის პოპულარობა საგრძნობლად გაზარდა, სწორედ ამიტომ მან მდგომარეობით ისარგებლა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, რისთვისაც ოპოზიცია მოუმზადებელი იყო. არჩევნების შედეგად 1983 წლის 9 ივნისს კონსერვატორებმა პარლამენტში 397 დეპუტატის ადგილი მოიპოვეს. დაიწყო მარგარეტ ტეტჩერის პრემიერ -მინისტრობის მეორე ვადა, რომელიც 1983-1987 წლებს მოიცავს.

მარგარეტ ტეტჩერი და საქართველო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ტეტჩერი 1987 წლის გაზაფხულზე სსრკ-ში ჩამოვიდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ვიზიტის პროტოკოლში მოსკოვის გარდა სხვა ადგილების მონახულებაც იყო დაგეგმილი და ამ მხრივ არჩევანი საქართველოზე შეჩერდა. 1 აპრილს თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. ტეტჩერთან ერთად თბილისს ეწვია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯ. ჰაუ, სსრკ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩი ბ. კარტლაჯა. საპატიო სტუმრებს აეროპორტში დახვდნენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ჩერქეზია და მისი პირველი მოადგილე ზ. ჩხეიძე. სტუმარს დამხვედრ პირებთან ერთად ვიზიტის განმავლობაში მასპინძლობას უწევდა საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი.[8]

„რკინის ლედიმ" საქართველოში ვიზიტისას ძველი თბილისის უბნებში გაისეირნა, გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი ვაკის პარკში. დიდი ბრიტანეთის პრემიერი, იმ დროისთვის ახალგახსნილ ქორწინების სასახლესაც ეწვია, სადაც ახალგაზრდა მოცეკვავეებმა სტუმრებს 15-წუთიანი წარმოდგენა მოუწყვეს.[9] საპატიო სტუმარმა მოინახულა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. საზეიმო სადილი რუსთაველის გამზირზე, რესტორან "თბილისში გაიმართა, სადაც ტეტჩერის პატივსაცემად ფოლკლორულმა ანსამბლმა „რუსთავმა" იმღერა. მხატვარმა ზურაბ წერეთელმა მარგარეტ ტეტჩერს აკვარელით შესრულებული მისი პორტრეტი გადასცა. სადილზე მარგარეტ ტეტჩერი დაუგეგმავი სიტყვით გამოვიდა:

ვიკიციტატა
„როდესაც მოსკოვის გარდა რომელიმე ადგილის მონახულება შემომთავაზეს, დავფიქრდი, სად წავსულიყავი. რჩევა ვთხოვე ჩემს კოლეგასა და თანაშემწეს, ლორდ ვაითლოუს, რომელიც შარშან პარლამენტის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა აქ, და მან მითხრა, რომ არის ერთი ადგილი, სადაც უნდა წავსულიყავი ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე — ეს საქართველოა, და, აი, მე აქ ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ იგი აბსოლუტურად მართალი იყო... მე თავად დავრწმუნდი თქვენი ქვეყნისა და თქვენი დედაქალაქის არაჩვეულებრივ სილამაზეში. თქვენ, უეჭველია, ყველაზე ძველი ხალხი ხართ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, თქვენი კულტურა მსოფლიოშია ცნობილი... მე დღეს ვიყავი მცხეთაში და ვიხილე, რომ — თუ შეიძლება ასე ითქვას — დღესაც ჩვენ გზას ტაძარში მივყავართ. მსიამოვნებს განვაცხადო, რომ ბრიტანეთის კონტაქტები საქართველოსთან შორეულ წარსულში დაიწყო. ჩვენს ქვეყნებს აქვთ ტრადიციები, რითიც ვამაყობთ და რასაც წმინდად ვინახავთ. როგორც თქვენ, ისე ჩვენ ჩაის დიდი მოყვარულები ვართ. ჩვენ მფარველიც კი ერთი გვყავს — წმინდა გიორგი.[8]

როდესაც მარგარეტ ტეტჩერი ლონდონში დაბრუნდა, ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ რა მოტივები ჰქონდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, როცა ჩავიდა ყველასთვის უცნობ საქართველოში, რა დაკარგა მან იქ? მარგარეტ ტეტჩერმა უპასუხა:

ვიკიციტატა
„მე მინდოდა თვალებში ჩამეხედა იმ ხალხისთვის, რომელმაც ისტორიის განმავლობაში არასდროს იცოდა, თუ რა არის ზიზღი სხვებისადმი[8]

პრემიერ-მინისტრობის მესამე ვადა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წლის არჩევნებში, ეკონომიკური გარდაქმნებისა და საზოგადოების სოციალური უზრუნველყოფის წყალობით კონსერვატორებმა კვლავ გამარჯვება მოიპოვეს.

ტეტჩერის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მან არაერთი თანამდებობრივი ცვლილება განახორციელა და 1979 წლის მინისტრთა კაბინეტიდან, მისი პრემიერ-მინისტრობის დასასრულს არავინ შემორჩენილა. 1989 წლის ივლისში ტეტჩერმა ფორინ-ოფისის ხელმძღვანელი ჯეფრი ჰოუვი თანამდებობიდან გადააყენა და თავის მოადგილედ დანიშნა, ხოლო ფორინ-ოფისი 46 წლის ჯონ მეიჯორს ჩააბარა, რომელიც მოგვიანებით ტერჩერის მემკვიდრე აღმოჩნდა.[10] 1989 წლის ოქტომბერში თანამდებობიდან გადადგა ფინანსთა მინისტრი ნაიჯელ ლოუსონი, რომლის თანამდებობა ჯონ მეიჯორმა დაიკავა.[11] ტეტჩერის ბიოგრაფები მეიჯორისადმი ასეთ სიმპატიას მისი პოლიტიკური სისუსტით და შესაბამისად მასზე პრემიერ-მინისტრის მარტივი გავლენით ხსნიან. მალე თანამდებობა ჯეფრი ჰოუვმა დატოვა და კონსერვატიულ პარტიაში ტეტჩერის პოლიტიკით უკმაყოფილოთა ტალღამ იმძლავრა. პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა კონსერვატორების ლიდერის არჩევნები 1990 წლის 20 ნოემბრისთვის დაენიშნა. ამ პერიოდში, 18-20 ნოემბერს იგი პარიზში — განიარაღების შემცირების საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტის ხელის მოსაწერად იმყოფებოდა.[12] თანაპარტიელები ტეტჩერს კოლეგებთან კავშირის დაკარგვაში, გულგრილობაში, არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდნენ. ტეტჩერს არჩევნების შედეგები პარიზში აცნობეს. მას 204 ხმა აღმოაჩნდა, მის კონკურენტ მაიკლ ჰეზელტაინს — 152, ხოლო 16-მა თავი შეიკავა.[13] გამარჯვებისთვის სხვაობა კონკურენტთან 15%-ზე მეტი უნდა ყოფილიყო, ანუ მას 208 ხმა მაინც სჭირდებოდა, რომელზეც სულ 4 ხმა დააკლდა. ამჯერად მარგარეტ ტეტჩერმა გადაწყვიტა მეორე ტურში გამარჯვებისთვის ებრძოლა, თუმცა როგორც ჩანს უკვე გვიანი იყო. მისი მომხრეების ნაწილი თვლიდა, რომ მარგარეტს მეორე ტურში მონაწილეობა აღარ უნდა მიეღო, ნაწილი კი ბრძოლისკენ მოუწოდებდა. საბოლოოდ პრემიერ-მინისტრმა დაუნინგ-სტრიტზე გამართულ კაბინეტის სხდომაზე დამსწრეებს გადადგომის განცხადება წაუკითხა.[14] ამჯერად მას მემკვიდრე უნდა აერჩია და დუგლას ჰარდსა და ჯონ მეიჯორს შორის უპირატესობა ამ უკანასკნელს მიანიჭა. განმეორებითი არჩევნები 27 ნოემბერს შედგა და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და შესაბამისად მარგარეტ ტეტჩერის მემკვიდრე ჯონ მეიჯორი გახდა.[15]

დაუნინგ-სტრიტის 10-ში ადმინისტრაციის ყოველი თანამშრომლის დასწრებით გამოსამშვიდობებელი სადილი გაიმართა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ტეტჩერმა იქაურობა ემოციური სიტყვებით, ცრემლით და აპლოდისმენტების თანხლებით დატოვა.[16]

დიდი ბრიტანეთის ახალ და უახლეს ისტორიაში სამი ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა, ამ მხრივ მარგარეტ ტეტჩერმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა.

პრემიერ-მინისტრობის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ტეტჩერისთვის აქტიური პოლიტიკიდან წასვლა არ აღმოჩნდა მარტივი პროცესი. ის მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე აქტიურად აფიქსირებდა თავის აზრს მთელ რიგ საკითხებზე, კვლავ აკრიტიკებდა მისი მემკვიდრეების, შემდგომ ბლერის ლეიბორისტული მთავრობის მუშაობას. ტეტჩერის აზრი კი ყველასთვის გასათვალისწინებელი და ანგარიშგასაწევი იყო.

1990 წლის 9 დეკემბერს დედოფალმა ელისაბედ II-მ მარგარეტ ტეტჩერს გადასცა 1902 წელს, მეფე ედუარდ VII-ს მიერ დაარსებული უმაღლესი ჯილდო — ორდენი „დამსახურებისთვის". ამ ორდენის მფლობელი ბრიტანელთა შორის არ უნდა აღემატებოდეს 24 ადამიანს, მისთვის მისი მინიჭება ბრიტანელი მსახიობის, სერ ლოურენს ოლივიეს გარდაცვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1992 წელს დენის ტეტჩერს ბარონეტის ტიტული, მარგარეტს კი კესტვენის ბარონესას ტიტული ებოძა და პარლამენტის ზედა, ლორდთა პალატის წევრი გახდა.[17]

მარგარეტ ტეტჩერმა ლორდთა პალატაში თავისი კუთვნილი ადგილი 1992 წლის 30 ივნისს დაიკავა.

ავადმყოფობა და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ტეტჩერი და ნეოკონსერვატიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ტეტჩერის პოლიტიკური ხედვა მთლიანად კონსერვატიზმის პრინციპებზე იყო აგებული. კონსერვატიზმმა, როგორც ერთ-ერთმა გამოკვეთილმა იდეოლოგიამ ბრიტანულ საზოგადოებაში გარკვეული გარდატეხა განიცადა. 1970-იან წლებში საჭირო შეიქმნა გარკვეული გარდაქმნები დაწყებულიყო თავად კონსერვატიულ პარტიაში და ამ გარდაქმნების მიზეზი ის მტკიცე შენიშვნები იყო, რაც იმდროინდელ მოაზროვნე საზოგადოებას კონსერვატორების მიმართ გააჩნდათ. მაგალითად, ჰაიეკმა თავის ერთ-ერთ ნაშრომში — „რატომ არ ვარ მე კონსერვატორი", მან აღნიშნა, რომ კონსერვატორებს აქვთ შიში ცვლილებების მიმართ, უნდობლობა ახლისადმი და ის ზეგავლენას ახდენს მხოლოდ პოლიტიკურ განვითარებაზე და არა მაგისტრალურ მიმართულებებზე.[18] ჰაიეკის ეს და სხვა მოაზროვნეთა შენიშვნები დასავლური სამყაროს კონსერვატიულმა ნაწილმა დროულად გამოიყენა და გარკვეული ნაკლოვანებანი სოციალიზმის პრინციპების ნაწილის გათვალისწინებით შეითვისა და ნეოკონსერვატიზმის სახელით წარუდგა მსოფლიოს.[19]

დიდ ბრიტანეთში ნეოკონსერვატიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია მარგარეტ ტეტჩერი, ხოლო აშშ-ში რონალდ რეიგანი. ტეტჩერის პოლიტიკური ხედვაც ამ პრინციპებზე იქნა აგებული, რაც ინდივიდისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულებაში უპირატესობას სახელმწიფოს ანიჭებს და ამას ინდივიდებისვე კეთილდღეობის საჭიროებით ხსნის. ტეტჩერისეული პერიოდი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში კრიზისული სიტუაციების ეფექტური დაძლევით და ეკონომიკის მძლავრი აღმავლობით ხასიათდება. მკვლევართა აზრით XX საუკუნის 70-იან წლებში სწორედ კონსერვატორებმა შეძლეს ეპასუხათ იმდროინდელი საზოგადოების მოთხოვნებისთვის და დიდი პერიოდით ჩაენაცვლებინათ მემარცხენე იდეოლოგიები. ამ მხრივ მსოფლიო პოლიტიკაში დიდია მარგარეტ ტეტჩერის როლი და ნეოკონსერვატიზმის დამამკვიდრებელთა შორის იგი ისეთ პოლიტიკოსთა შორისაა, როგორიცაა რონალდ რეიგანი აშშ-ში, ჰელმუტ კოლი გერმანიაში და ა.შ.[20]

მარგარეტ ტეტჩერი ხელოვნებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ტეტჩერის პოლიტიკური ფიგურა შეუმჩნეველი არც ხელოვნებაში დარჩენილა. იგი იმ იშვიათ მოღვაწეთაგანია, რომელმაც სიცოცხლეშივე პოვა ასახვა ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებაში. ტეტჩერის სიცოცხლეშივე შეიქმნა და საზეიმოდ გაიხსნა არაერთი ძეგლი, ბიუსტი, დაიხატა პორტრეტები და გამოიფინა სახელმწიფო დაწესებულებებსა, თუ გალერეებში. გადაიღეს ფილმი, რომელსაც პერსონაჟივით დიდი წარმატება ხვდა წილად. მარგარეტ ტეტჩერის პერსონისადმი ინტერესი კვლავ გრძელდება.

მარგარეტ ტეტჩერი და ქანდაკებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ტეტჩერის ბრინჯაოს ქანდაკება გაერთიანებულ სამეფოში, ვესტმისტერის სასახლეში, სერ უინსტონ ჩერჩილის ქანდაკების მოპირდაპირე მხარეს 2007 წლის 21 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა. გახსნას თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრიც დაესწრო. „რკინის ლედის" ამ ქანდაკების ავტორია მოქანდაკე ენტონი დუფორტი. £80,000-ის ღირებულების ბრინჯაოს ქანდაკება 2,23 მეტრია და 451 კილოგრამს იწონის.[21]

მარგარეტ ტეტჩერის ბრინჯაოს ქანდაკება აშშ-ში, მიჩიგანის შტატში, ჰილსდეილის კოლეჯში 2008 წელს დაიდგა. მისი ავტორია ბრიუს ვოლფი, რომელმაც ქანდაკებაზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო.[22]

მარგარეტ ტეტჩერის ბრინჯაოს ბიუსტი გაერთიანებულ სამეფოში, ფოლკლენდის კუნძულებზე, სტენლიში 2015 წლის 11 იანვარს საზეიმოდ გაიხსნა. ფოლკლენდის ომის მთავარი მონაწილის ბრინჯაოს ფიგურის დადგმა £40,000 დაჯდა და მისი ავტორია მოქანდაკე სტივ მესამი. სტენლიში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიუსტის გახსნას მისი ვაჟი — სერ მარკ ტეტჩერი დაესწრო.[7]

მარგარეტ ტეტჩერი და ფერწერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ტეტჩერი და ფილმოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„რკინის ლედი" — ასე ეწოდება ბრიტანულ-ფრანგულ ბიოგრაფიულ დრამას, რომლის პრემიერაც 2011 წლის 30 დეკემბერს შედგა. ფილმის რეჟისორია ფილიდ ლოიდი, სცენარის ავტორი ები მორგანი. მარგარეტ ტეტჩერის როლს ასრულებს მსახიობი მერილ სტრიპი. აგრეთვე მონაწილეობენ: ჯიმ ბროდბენტი, ალექსანდრა როუჩი, ჰარი ლოიდი, ოლივია კოლმენი და სხვები. ფილმის ბიუჯეტია 10,6 მილიონი აშშ დოლარი. ფილმში განსახიერებული მარგარეტ ტეტჩერის როლისთვის მერილ სტრიპმა მიიღო „ოქროს გლობუსის" პრემია და ამერიკული კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდო — ,,ოსკარი" ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ფილმმა აგრეთვე მიიღო „ოსკარი" საუკეთესო გრიმისათვის, რომელიც მერის ლენგენს ეკუთვნოდა.[23]

„ექვსი ტეტჩერი" — ასე ეწოდება ტელეკომპანია BBC-ის ბრიტანულ სერიალ „შერლოკის" მეოთხე სეზონის პირველ ეპიზოდს. მისი პრემიერა 2017 წლის 1 იანვარს შედგა. რეჟისორია რეიჩელ ტალალეი, ხოლო სცენარის ავტორი მარკ გეტისი.[24]

  • იენ დეილი. მარგარეტ ტეთჩერი - როგორც თავად იტყოდა. გამომცემლობა ,,არტანუჯი", თბილისი, 2015.
  • დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბილისი, 2012.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. BBC News - Ex-Prime Minister Baroness Thatcher dies. bbc.co.uk (8 April 2013). ციტირების თარიღი: 8 April 2013.
  2. 2.0 2.1 იენ დეილი. მარგარეტ ტეთჩერი - როგორც თავად იტყოდა. გამომცემლობა „არტანუჯი", თბილისი, 2015, გვ. 25.
  3. იენ დეილი. მარგარეტ ტეთჩერი - როგორც თავად იტყოდა. გამომცემლობა „არტანუჯი", თბილისი, 2015, გვ. 76.
  4. დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი-უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბილისი, 2012. გვ. 215-216.
  5. 5.0 5.1 დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბილისი, 2012, გვ. 232.
  6. იენ დეილი. მარგარეტ ტეტჩერი - როგორც თავად იტყოდა. გამომცემლობა ,,არტანუჯი”, თბილისი, 2015, გვ. 99.
  7. 7.0 7.1 მარგარეტ ტეტჩერის ბიუსტის გახსნა ფოლკლენდის კუნძულებზე
  8. 8.0 8.1 8.2 "დიდი ადამიანები საქართველოში": მარგარეტ ტეტჩერი
  9. მარგარეტ ტეტჩერის ვიზიტი თბილისში 1987 წელს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-25. ციტირების თარიღი: 2017-05-03.
  10. დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 2012, გვ. 258-259.
  11. დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 2012, გვ. 259.
  12. დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 2012, გვ. 262.
  13. დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 2012, გვ. 270.
  14. დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 2012, გვ. 278.
  15. დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 2012, გვ. 279.
  16. დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 2012, გვ. 281-282.
  17. დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი. თბილისი, 2012, გვ. 283-284.
  18. ომარ გოგიაშვილი. პოლიტიკური იდეოლოგიები. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2004, გვ. 64.
  19. ომარ გოგიაშვილი. პოლიტიკური იდეოლოგიები. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2004, გვ. 67-76.
  20. ომარ გოგიაშვილი. პოლიტიკური იდეოლოგიები. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2004, გვ. 76.
  21. მარგარეტ ტეტჩერის ძეგლი ვესტმისტერის სასახლეში
  22. მარგარეტ ტეტჩერის ძეგლი ჰილსდეილის კოლეჯში
  23. ფილმი ,,რკინის ლედი"
  24. სერიალ „შერლოკის ეპიზოდი „ექვსი ტეტჩერი"