საქართველოს პრემიერ-მინისტრი — საქართველოს მთავრობის მეთაური. პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს. პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით.[2]
პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს. იგი უფლებამოსილია ერთ-ერთ მინისტრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე მინისტრს − ვიცე-პრემიერის მოვალეობა.[2]
პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე პარლამენტის მოთხოვნით − სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.[2]
1995 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. 2004 წლის 6 თებერვალს განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა საქართველოში შემოიღო მთავრობის ინსტიტუტი, შესაბამისად, ხელახლა გაჩნდა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და მას კვლავ პრემიერ-მინისტრი ეწოდა. მოქმედი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პარლამენტის შემადგენლობის გათვალისწინებით წამოაყენებს პრეზიდენტი, ხოლო პარლამენტი კი ნდობას უცხადებს მას. პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს.