შინაარსზე გადასვლა

Young Lust (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Young Lust“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
გამომცემელი Pink Floyd Music Publishers Ltd
გამოსვლის თარიღი 30 ნოემბერი, 1979 (1979-11-30) (ბრიტანეთი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 3:25
3:56 (იტალიური სინგლის ვერსია)[1]
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
Columbia Records
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი, დეივიდ გილმორი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი
The Wallსიმღერები

Young Lust“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეცხრე სიმღერა[2] 1979 წლის კონცეპტუალური ალბომიდან The Wall[2]. მისი ავტორები არიან როჯერ უოტერსი და დეივიდ გილმორი. ეს არის ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც უნდა შეეტანათ კრებულში Echoes: The Best of Pink Floyd.[3]

სიმღერა გრძელდება დაახლოებით 3 წუთს და 25 წამს. იგი არის ბლუზის გავლენით შექმნილი მძიმე როკის ჟანრის კომპოზიცია, შესრულებული მი მინორში. წამყვან ვოკალს მასში ასრულებს დეივიდ გილმორი, ხოლო ბეკ-ვოკალს - როჯერ უოტერსი (მისამღერის დროს).

ალბომზე სიმღერას წინ უსწრებს „Empty Spaces“, რომელიც „Young Lust“-ის წინ წყდება და პირდაპირ უერთდება.

The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით. ამ სიმღერის ტექსტში საუბარია „როკ-ენ-როლისგან გაქცეულზე“, რომელიც ტურნეს დროს არსებულ დაძაბულობას იხსნის შემთხვევითი სექსით.

როჯერ უოტერსი:

როდესაც თავდაპირველად „Young Lust“ დავწერე, ტექსტი განსხვავდებოდა. იგი იყო სკოლის დატოვებაზე და ქალაქში ხეტიალზე, პორნო-ფილმების და ბინძური წიგნების მაღაზიებთან სიარულზე და სექსით დაინტერესებაზე. მაგრამ სინამდვილეში პერსონაჟი არ მონაწილეობს ასეთ რამეში, ვინაიდან ეშინია. ახლა კი განსხვავებული ტექსტია, იმის შედეგად, რომ ყველა ერთად მუშაობდა, განსაკუთრებით დეივ გილმორი და ბობ ეზრინი, რომლებიც ალბომის პროდიუსერები არიან, სამივე პროდიუსერები ვართ. „Young Lust“ არის პაროდია. მაგონებს სიმღერას, რომელიც წლების წინ ჩავწერეთ, „The Nile Song“-ს. ესეც ჰგავს, დეივი მსგავსი სტილით ასრულებს. ვფიქრობ, „Young Lust“-ს შესანიშნავად მღერის, ვოკალი მომწონს. მაგრამ სინამდვილეში ეს არის ნებისმიერი ახალგაზრდული მოგზაური როკ ჯგუფის პაროდია.

სიმღერის ფინალის სახით ჩაწერილია საუბარი პინკისა და სატელეფონო ოპერატორს შორის. პინკი აშშ-ში ტურნეს მართავს და მეუღლეს ურეკავს, რომელიც ამ დროს სხვა მამაკაცთან წევს (ეს მონაკვეთი უფრო ვრცლად არის ნაჩვენები ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“, სადაც პინკის მეუღლე გაიცნობს ერთ-ერთი საპროტესტო მოძრაობის წევრ მამაკაცს). უოტერსმა ნამდვილად დაურეკა მეგობარს ოპერატორის მეშვეობით, მაგრამ ოპერატორმა არ იცოდა, რომ მას იწერდნენ. ალბომზე ჩაწერილი ოპერატორის ხმა არსებული დუბლებიდან მეორეა - პირველი უოტერსს არ მოეწონა.

როჯერი:

ვფიქრობ, შესანიშნავია. მომწონს ოპერატორის ხმა, დიდებულია. საერთოდ არ იცოდა, რა ხდებოდა, როდესაც ესაუბრებოდა...მართალია, ოდნავ შევცვალეთ, მაგრამ იმპროზაციული ფრაზები, როგორიც არის „თქვენი მეუღლის გარდა კიდევ ვინმეს შეეძლო, აეღო ყურმილი?“, საოცარია, ნამდვილად მოერგო. განსაცვიფრებელია.

სიმღერის დემო-ვერსია უფრო მშვიდია. მასში ჟღერს როგორც დეივიდ გილმორის, ასევე როჯერის ვოკალი.

ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ ამ სიმღერას ახლავს სცენები, სადაც გრუპი გოგონები ერთობიან პინკის პერსონალთან. ერთ-ერთი მათგანი (რომელსაც ჯენი რაიტი ასრულებს) პინკთან ერთად სასტუმროს ნომერში მიდის, თუმცა ფილმში ეს ყველაფერი დამონტაჟებულია ასე - ისინი შედიან პინკის ფურგონში, მაგრამ აღმოჩნდებიან სასტუმროს ნომერში.

საკონცერტო ვერსიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიცია სრულდებოდა პინკ ფლოიდის 1980-1981 წლების და როჯერ უოტერსის 2010-2013 წლების ტურნეებში. როჯერ უოტერსის კონცერტზე The Wall Live in Berlin დეივიდ გილმორის ვოკალი ჩაანაცვლა ბრაიან ადამსმა (რომელიც ასევე წინა სიმღერას, „What Shall We Do Now?“ ასრულებდა).

  1. Vernon Fitch, Pink Floyd: Italian Vinyl Singles Discography, The Pink Floyd Archives, 1997–2009.
  2. 2.0 2.1 მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. Guthrie, James. James Guthrie: Audio: Building A Compilation Album. Pink Floyd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 17 June 2013.