შინაარსზე გადასვლა

ალტრუიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოწყალების გაღება ასევე ალტრუიზმად ითვლება

ალტრუიზმი (ფრანგ. altruisme < ლათ. alter – სხვა) — ზნეობრივი პრინციპი, რომელიც ნიშნავს სხვა ადამიანებისადმი უანგარო სამსახურს, პირადი ინტერესების ნაცვლად, სხვისი ინტერესების წინა პლანზე წამოწევას.

ადამიანებს გააჩნიათ ალტრუიზმის წმინდა ადამიანური მოტივაცია. ალტრუისტული ქცევისას პიროვნების მთავარი მიზანი და მოტივია გაჭირვებული ადამიანისათვის შემწეობის გაწევა. შესაბამისად, ალტრუიზმისათვის დამახასიათებელია ის მთავარი გარემოება, რომლის მიხედვითაც ალტრუისტული ქცევის განმახორციელებელი მოქმედებს პირადი ინტერესებისა თუ უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე. ალტრუისტები ხშირად უდიდეს საფრთხეში იგდებენ თავს და სხვა ადამიანების კეთილდღეობას მსხვერპლადაც კი ეწირებიან ხოლმე.

ალტრუიზმი განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს ნათესაურ ურთიერთობებში, რასაც აძლიერებს ადამიანების ძლიერი სურვილი თავიანთი გენეტიკური მემკვიდრეობის გადარჩენისა. სოციალურ ფსიქოლოგიაში ასევე ხშირად ვხვდებით რეციპროკული ალტრუიზმის ცნებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი ადამიანი ეხმარება მეორეს, რადგან საჭიროების შემთხვევაში მისი მხრიდანაც მოელის ალტრუისტული მოქმედების განხორციელებას.

ალტრუიზმს განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალას, რომელიც ადამიანს საზოგადოებრივად სასიკეთო ქმედებებისაკენ უბიძგებს.

  • ტ. რეხვიაშვილი, ვ. ჭიაურელი, ფილოსოფია, თბ., 2006
  • Robert A. Baron, Donn Byrne, Blair T. Johnson, Exploring Social Psychology, 4th edition.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]