ქალაქი |
---|
გრაცი გერმ. Graz |
|
დროშა
|
გერბი
|
|
|
|
ქვეყანა |
ავსტრია |
---|
ფედერალური მხარე |
შტირიაშტირია |
---|
შიდა დაყოფა |
Innere Stadt, St. Leonhard, Geidorf, Lend, Gries, Jakomini, Liebenau, St. Peter, Waltendorf, Ries, Mariatrost, Andritz, Gösting, Eggenberg, Wetzelsdorf, Straßgang და Puntigam |
---|
კოორდინატები |
47°04′15″ ჩ. გ. 15°26′19″ ა. გ. / 47.07083° ჩ. გ. 15.43861° ა. გ. / 47.07083; 15.43861 |
---|
მმართველი |
ელკე კარი[1] |
---|
პირველი ხსენება |
1128 |
---|
ფართობი |
127.57 კმ² |
---|
ცენტრის სიმაღლე |
353±1 მეტრი |
---|
მოსახლეობა |
292 630 (1 იანვარი, 2022)[2] |
---|
სასაათო სარტყელი |
UTC+1 და UTC+2 |
---|
სატელეფონო კოდი |
316 |
---|
საფოსტო ინდექსი |
8010, 8020, 8036, 8041, 8042, 8043, 8044, 8045, 8046, 8047, 8051, 8052, 8053, 8054 და 8055 |
---|
საავტომობილო კოდი |
G |
---|
ოფიციალური საიტი |
https://graz.at |
---|
|
|
გრაცი (გერმ. Graz) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრიაში, შტირიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვეყნის მეორე ქალაქი (ვენის შემდეგ) მოსახლეობისა და ეკონომიკური მნიშვნელობის მიხედვით. 295 ათასი მცხოვრები (2022). მდებარეობს შტირიის ალპების მთისწინეთში, მდინარე მურზე. მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი ვენა – ტრიესტისა და ბუდაპეშტი – გრაცი – ინსბრუკის სარკინიგზო ხაზების გადაკვეთაზე. ავტოსტრადებით დაკავშირებულია ვენასთან, ზალცბურგთან, ბუდაპეშტთან, ზაგრებთან, ლიუბლიანასთან, ვენეციასთან.[3]
წარმოიქმნა ბრინჯაოს ხანის დასახლების ადგილზე. წერილობით წყაროებში პირველად 1128 წელს მოიხსენიება. დასახელება მოდის სლავური სიტყვიდან „გრადეც“, რაც პატარა ციხეს ნიშნავს. შუა საუკუნეების ქალაქი ჩამოყალიბდა შლოსბერგის მთის (მასზე იდგა ციხე) ძირში. 1379–1619 წლებში იყო ჰაბსბურგების ლეოპოლდის ხაზის რეზიდენცია, „შიდა ავსტრიის“ დედაქალაქი (შტირია, კარინტია, კრაინა). 1797 წელს დაიკავეს ნაპოლეონის ჯარებმა. მარია ტერეზიას დროს გახდა მსხვილი სავაჭრო ცენტრი.[3]
მეორე მსოფლიო ომის დროს გრაცის შენობების 16% განადგურდა, თუმცა მდინარე მურის მარცხენა ნაპირზე მდებარე ძველი ქალაქი (შლოსბერგის მთის გარშემო) პრაქტიკულად არ დაზარალებულა (შესულია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში). შენარჩუნებულია რადიალურ-წრიული დაგეგმარება ციხესიმაგრის ნაშთებით (სასაათე კოშკი — XVI ს.). არქიტექტურის ძეგლებს შორისაა: ლეხკირხეს ეკლესია (1275–1293), წმინდა ეგიდიუსის გვიანგოტიკური ტაძარი (1438–1462), ფრანცისკელთა მონასტერი (1239, გვიანგოტიკური ფრესკებით; კოშკი — XVII ს.); სასახლეები: ეპისკოპოსის (XIII ს., გადაკეთდა 1781–1782 წწ.), ბურგი (1438; გოტიკური კიბე — 1499–1500) და ატემსების (1702–1716); ლანდჰაუსი (შტირიის ლანდტაგის სხდომების ადგილი, 1557–1565, არქიტექტორი დომენიკო დ’ალიო), ცოიგჰაუსი (1643–1645, არქიტექტორი ა. სოლარი; ამჟამად ისტორიული იარაღების დიდი კოლექცია), ფერდინანდ II-ის მავზოლეუმი (1614–1638, არქიტექტორი პ. დე პომისი), საცხოვრებელი სახლები გოტიკურ და რენესანსულ სტილში (ე.წ. მოხატული სახლი გარე ფრესკებით, 1742, მხატვარი ი. მაიერი). XIX საუკუნის ბოლოს ნაგებობებს შორისაა: ქრისტეს გულის ნეოგოტიკური ეკლესია (1881–1891, არქიტექტორი გეორგ იოზეფ ფონ ჰაუბერისერი), რატუშა (1805–1807, დასრულდა 1887–1893 წწ.), ოპერის თეატრის შენობა (1897–1899, არქიტექტორები ფერდინანდ ფელნერი, ჰერმან ჰელმერი). გრაცის გარეუბანშია: წმ. ლეონარდის ეკლესია (1361), ეგენბერგის ციხესიმაგრე (1625–35), გიოსტინგის ციხესიმაგრის ნანგრევები, გვიანბაროკოს სტილის ბაზილიკა მარიატროსტი (1714–1724, არქიტექტორები ანდრეას და იოჰან გეორგ შტენგები).[3]