შინაარსზე გადასვლა

სოციალ-დემოკრატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერდინანდ ლასალი

სოციალ-დემოკრატია — წარმოადგენს პოლიტიკურ სპექტრზე მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ იდეოლოგიას. თანამედროვე სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა მიისწრაფვის იმისაკენ, რომ მოახდინოს კაპიტალიზმის რეფორმირება და მისი სოციალური თანასწორობის ეთიკურ იდეალებთან თანხმობაში მოყვანა, კაპიტალისტური წარმოების მეთოდის შენარჩუნების პირობებში, რაც მას განასხვავებს სხვა, ალტერნატიული სოციალისტური ეკონომიკური სისტემებისგან. პრაქტიკაში თანამედროვე სოციალ-დემოკრატიული პოლისები საკუთარ თავში მოიცავენ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს გავრცელებასა და ეკონომიკური დემოკრატიის შექმნას, რაც მშრომელთა უფლებების დაცვას გულისხმობს.

ისტორიულად, სოციალ დემოკრატია ევოლუციური რეფორმისტური სოციალიზმის ფორმას წარმოადგენს. XX საუკუნის დასაწყისში ძირითადმა ევროპულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა უარის თქმა დაიწყეს მარქსიზმის ელემენტებზე, რევოლუციურ სოციალიზმსა და კლასთა ბრძოლის იდეებზე და დაიკავეს უფრო ზომიერი პოზიცია, რაც გულისხმობდა იმის რწმენას რომ სოციალიზმის დამყარება პოლიტიკური რეფორმების მეშვეობით იყო შესაძლებელი. ამ დროისათვის განსხვავება სოციალ-დემოკრატიასა და დემოკრატიულ სოციალიზმს შორის ჯერ კიდევ არ იყო სრულად ჩამოყალიბებული. სოციალისტური ინტერნაციონალის ფრანკფურტის დეკლარაცია 1951 წელს, რომლის შექმნაშიც მრავალმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, უპირისპირდებოდა და უარყოფდა ბოლშევიკურ კომუნიზმსა და სტალინიზმს და მიზნად ისახავდა კაპიტალიზმის სოციალიზმში თანდათანობით ტრანსფორმაციას. ბევრი დემოკრატი სოციალისტი მხარს უჭერდა სოციალ-დემოკრატიას, როგორც გზას არსებული სისტემის რეფორმირებისათვის, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სოციალისტური მიზნების მიღწევისათვის, უფრო რადიკალური და რევოლუციური ტაქტიკის უპირატესობას აღიარებდნენ. მეორე მხრივ თანამედროვე სოციალ-დემოკრატია აქცენტს აკეთებს კაპიტალიზმის თანდათანობით საკანონმდებლო გზით რეფორმირების პროგრამაზე, რათა მიღწეულ იქნას უფრო მეტი სამართლიანობა და ჰუმანურობა, თეორიულად კი საბოლოო მიზანი სოციალისტური საზოგადოების მშენებლობის შესახებ თითქმის მთლიანად იქნა დავიწყებული.

ახალი მემარჯვენეობისა და ნეოლიბერალიზმის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მთელმა რიგმა მნიშვნელოვანმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა უარი თქვეს კაპიტალიზმიდან სოციალიზმზე თანდათანობით ევოლუციური გზით გადასვლის მიზანზე და სანაცვლოდ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს კაპიტალიზმის მხარდაჭერა დაიწყეს. სოციალ-დემოკრატია წარმოიშვა როგორც დემოკრატიული სოციალიზმისგან განსხვავებული იდეოლოგია. ბევრ ქვეყნებში სოციალ-დემოკრატები არსებობენ დემოკრატიულ სოციალისტებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკურ სპექტრზე, მათზე უფრო მარცხნივ არიან განლაგებულნი. ეს ორი მოძრაობა ზოგჯერ ერთი პოლიტიკური პარტიის შიგნით მოქმედებს, როგორებიცაა ბრაზილიის მუშათა პარტია და საფრანგეთის სოციალისტური პარტია. უკანასკნელ წლებში ზოგიერთმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა (მაგალითად ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ) გაიზიარეს უფრო ცენტრისტული, მესამე გზის პოლიტიკური პოზიციები. ამგვარმა განვითარებამ მემარცხენე და მემარცხენე-ცენტრისტულ წრეებში მნიშვნელოვანი დისკუსიები გამოიწვია.

სოციალისტური ინტერნაციონალი სოციალ-დემოკრატიული და ზომიერი სოციალისტური პარტიების მთავარ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც შემდეგ პრინციპებს აღიარებს: პირველი, თავისუფლება - არა მხოლოდ ინდივიდუალური თავისუფლებების, არამედ თავისუფლება დისკრიმინაციისგან, თავისუფლება რაიმე სახის დამოკიდებულებისგან წარმოების საშუალებების მფლობელებისგან ან პოლიტიკოსთა მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან; მეორე, თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა - თანასწორობა არა მხოლოდ კანონის წინაშე, აგრეთვე ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული თანასწორობა; თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის, მათ შორის ფიზიკურად, მენტალურად და სოციალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვისაც; და მესამე, სოლიდარობა - ერთობა და თანაგრძნობის გრძნობა უსამართლობისა და უთანასწორობის მხვერპლთა მიმართ. სწორედ ეს იდეალებია (უფრო ვრცლად) ასახული სოციალისტური ინტერნაციონალის პრინციპების დეკლარაციაში.

თავდაპირველი სოციალ-დემოკრატია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადრეული სოციალ-დემოკრატიის ლიდერები გერმანიაში

XIX საუკუნეში ტერმინი „სოციალ-დემოკრატი“ ფართო მნიშვნელობით გამოიყენებოდა, ყველა ინტერნაციონალისტ სოციალისტს მოიცავდა და გამოხატავდა მათ იდეოლოგიურ ერთგულებას კარლ მარქსისა და ფერდინანდ ლასალის იდეების მიმართ. განსხვავებით იმათგან ვინც მხარს უტოპიური სოციალიზმის განსხვავებულ ფორმებს უჭერდა. ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ეძღვნებოდა ევროპულ სოციალიზმს დაწერილი იქნა ამერიკული აუდიტორიისათვის, რიჩარდ ელი თავის 1883 წელს დაწერილ წიგნში ფრანგული და გერმანული სოციალიზმი თანამედროვე ეპოქაში, სოციალ-დემოკრატებს ახასიათებს როგორც „სოციალისტების ექსტრემისტულ ფრთას“. უკვე მოგვიანებით მოხდა სოციალისტური მოძრაობის შიგნით განხეთქილება და მისი გაყოფა ორ ნაწილად რეფორმისტულად განწყობილ სოციალ-დემოკრატებად და რევოლუციურად განწყობილ კომუნისტებად.[1]

ამ ეპოქის ბევრი პარტია საკუთარ თავს „სოციალ-დემოკრატებს“ უწოდებდა, მათ შორის საერთოგერმანელ მუშათა ასოციაცია და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რომლებიც მოგვიანებით გაერთიანდნენ როგორ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD)), ბრიტანეთის სოციალ-დემოკრატების ფედერაცია და აგრეთვე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია. ტერმინი „სოციალ-დემოკრატია“ ამ კონტექტსში არსებობას აგრძელებდა 1917 წლის ნოემბრის ბოლშევიკურ რევოლუციამდე, მანამდე სანამ ტერმინი „კომუნისტი“ შემოვიდოდა მოდაში იმ ფიზიკური პირებისა თუ ორგანიზაციების აღსანიშნავად რომლებიც სოციალიზმისკენ მიმავალ რევოლუციურ გზას უჭერდნენ მხარს.

თანამედროვე სოციალ-დემოკრატია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა XX საუკუნის დასაწყისში სოციალისტურ მოძრაობაში მომხდარი განხეთქილების შედეგად წარმოიშვა. ფართო მნიშვნელობით რომ ვთქვათ ეს განხეთქილება შეიძლება აღწერილ იქნას როგორც გზების გაყოფა მათ შორის ვინც დაჟინებით მიიჩნევდა რომ პოლიტიკური რევოლუცია აუცილებელი წინაპირობაა სოციალისტური მიზნების მისაღწევად და მათ შორის ვინც ამტკიცებდა, რომ თანდათანობითი ან ევოლუციური გზით სოციალიზმამდე მისვლა შესაძლებელი და უფრო სასურველია.[2]

თანამედროვე სოციალ-დემოკრატიის იდეების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ედუარდ ბერნშტეინმა, რომელიც რეფორმისტულ სოციალიზმსა და რევიზიონისტულ მარქსიზმს ემხრობოდა. ბერნშტეინი თავდაპირველად მარქსისტი იყო და ახლო ურთიერთობა ჰქონდა კარლ მარქსთან და ფრიდრიხ ენგელსთან, მაგრამ მოგვიანებით მან მარქსისტულ შეხედულებებში სუსტი წერტილების დანახვა და მათი კრიტიკა დაიწყო.[3] ბერნშტეინი აკრიტიკებდა მარქსიზმის კონცეფციას „კლასების შეურიგებელი ბრძოლის“ შესახებ და მარქსიზმის მტრულ დამოკიდებულებას ლიბერალიზმის მიმართ. ბერნშტეინი ეწინააღმდეგებოდა მარქსის პოზიციას ლიბერალიზმის შესახებ და ამტკიცებდა, რომ ლიბერალ-დემოკრატებსა და სოცაილ-დემოკრატებს გააჩნიათ ის საერთო საფუძვლები, რომლებსაც „სოციალისტური რესპუბლიკის“ შექმნა უნდა უზრუნველეყო.

კლასობრივი ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით ბერნშტეინი თვლიდა, რომ ეკონომიკური განსხვავება ბურჟუაზიისა და პროლეტარიატის კლასებს შორის თანდათანობით გაქრებოდა ლეგალური საკანონმდებლო რეფორმებისა და რედისტრიბუციის ეკონომიკური პროგრამების მეშვეობით. ბერნშტეინმა უარყო მარქსისტული პრინციპი პროლეტარიატის დიქტატურის შესახებ და ამტკიცებდა, რომ თანდათანობითი დემოკრატიული რეფორმები გააუმჯობესებდა მუშათა კლასის მდგომარეობას. გარდა ამისა ის თვლიდა, რომ კლასთა შორის თანამშრომლობა უკეთესი გზა იყო სოციალიზმის მისაღწევად ვიდრე შეურიგებელი კლასობრივი ბრძოლა. ბერნშტეინი აღიარებდა, რომ სოციალ-დემოკრატები ამჯობინებენ კაპიტალისტური ეკონომიკის სოციალისტურ ეკონომიკაში ტრანსფორმიების გრძელვადიან გეგმას და არა კაპიტალიზმის უცაბედად რევოლუციურად ჩანაცვლებას.

სოციალ-დემოკრატებს, რომლებმაც იმ ეპოქისთვის უმსხვილესი სოციალისტური ორგანიზაციები შექმნეს არ უარყვიათ მარქსიზმი, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანმა წევრმა დაიწყო მარქსის არგუმენტების რეფორმირების მცდელობა, რათა კაპიტალიზმის კრიტიკა უფრო ნაკლებად რადიკალური და მტრული ყოფილიყო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სოციალიზმი საზოგადოების ევოლუციის მეშვეობით უნდა მიღწეულიყო და არა რევოლუციის. ეს შეხედულებები მიმართული იყო რევოლუციონერი სოციალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ კაპიტალიზმის რეფორმირების ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, თავად რეფორმატორები კი თანდათანობით გაიყიდებიან და საბოლოო ჯამში თავად გადაიქცევიან კაპიტალისტებად.

მიუხედავად განსხვავებებისა სოციალიზმის რეფორმისტულ და რევოლუციურ ფრთებს შორის მეორე ინტერნაციონალი პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ერთიანობას ინარჩუნებდა. ომის ლეგიტიმურობის შესახებ განსხვავებული შეხედულებები კი უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა ამ ისედაც უკვე არამყარი კავშირისთვის. რეფორმისტი სოციალისტები ომში საკუთარ ნაციონალურ მთავრობებს უჭერდნენ მხარს, რაც რევოლუციონერი სოციალისტებისთვის აღქმული იყო როგორც მუშათა კლასის პირდაპირი ღალატი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ რევოლუციონერი სოციალისტები მიიჩნევდნენ რომ ამგავარი პოზიცია უარყოფდა პრინციპს, რომ ყველა ქვეყნის მშრომელები უნდა გაერთიანებულიყვნენ კაპიტალიზმის წინააღმდეგ. ომს კი აფასებდნენ როგორც დაბალი კლასებისთვის იძულებას, რათა ებრძოლათ და იმპერიალისტურ და კაპიტალისტურ ომში დაღუპულიყვნენ.

ამ განხეთქილებამ მწვავე დებატები გამოიწვია სოციალისტურ პარტიებში მაგალითად ედუარდ ბერნშტეინსა და როზა ლუქსემბურგს შორის როგორც რეფორმისტული და როვულუციური მიმართულების ლიდერებს შორის გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. საბოლოოდ რუსეთის 1917 წლის რევოლუციიის შემდეგ მსოფლიოს სოციალისტური პარტიების უმრავლესობა დაიშალა. რეფორმისტმა სოციალისტებმა შეინარჩუნეს სოციალ-დემოკრატების სახელი, იმავე პერიოდში ბევრმა რევოლუციონერმა სოციალისტმა საკუთარ თავს კომუნისტი უწოდა და სწრაფადვე დაიწყო თანამედროვე კომუნისტური მოძრაობის ფორმირება. ამ კომუნისტურმა პარტიებმა მალევე შექმნეს ექსკლუზიური მესამე ინტერნაციონალი, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა როგორც კომინტერნი.

1920 წლის შემდეგ დოქტრინალური სხვაობები სოციალ-დემოკრატებსა და კომუნისტების ყველა ფრაქციას (ორთოდოქსი მარქსისტები, ბოლშევიკები, მენშევიკები) შორის უფრო აშკარა გახდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაშიზმის დამარცხების შემდეგ სოციალ-დემოკრატია 1951 წლისთვის ევროპაში ჩამოყალიბდა, როგორც სოციალისტური მოძრაობა, რომელიც მხარს უჭერს გრადუალიზმს; ანუ მათ სჯეროდათ რომ კაპიტალისტური ეკონომიკის თანდათანობითი დემოკრატიული რეფორმირების მეშვეობით შესაძლებელი იქნება მისი ტრანსფორმირება სოციალისტურ ეკონომიკად და უარს ამბობდნენ სოციალიზმის რევოლუციის მეშვეობით, ძალადობრივი გზით დამყარებაზე. ასეთი პოზიციის გამო სხვადასხვა რადიკალურმა მემარცხენე ჯგუფებმა, მათ შორის კომუნისტებმა დაიწყეს სოციალ-დემოკრატების დადანაშაულება, იმაში რომ მათ მიიღეს და გაითავისეს კაპიტალისტური საზოგადოების ფასეულობები და შესაბამისად ისინი აღარ იყვნენ ნამდვილი სოციალისტები. სოციალ-დემოკრატებმა უარყვეს მარქსის პრინციპი პროლეტარიატის დიქტატურისა და სოციალისტური სახელმწიფოს შექმნის შესახებ და ამტკიცებდნენ, რომ თანდათანობითი დემოკრატიული რეფორმების გზით შესაძლებელია მუშათა უფლებებისა და მდგომარეობის გაუმჯობესება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1951 წელს ახალი სოციალისტური ინტერნაციონალი შეიქმნა, საერთაშორისო ორგანიზაცია სადაც წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული პარტიები. სოციალისტური ინტერნაციონალის დამფუძნებელ ფრანკფურტის დეკლარაციაში გაკრიტკებული იქნა როგორც კაპიტალიზმი, ისე ბოლშევიკური კომუნიზმი.

სოციალ-დემოკრატებსა და კომუნისტებს შორის განხეთქილების შემდეგ მეორე აზრთა სხვადასხვაობა სოციალ-დემოკრატების შიგნით წარმოიშვა; მათ შორის ვისაც კვლავაც სჯეროდა რომ აუცილებელია კაპიტალიზმის გაუქმება (რევოლუციის გარეშე) და მისი შეცვლა სოციალისტური სისტემით, დემოკრატიული საპარლამენტო გზის საშუალებით და მათ შორის ვინც თვლიდა რომ კაპიტალისტური სისტემა შეიძლება შენარჩუნებულ იქნას, მაგრამ საჭიროა დემოკრატიული რეფორმები, ისეთები როგორიცაა მსხვილი საწარმოების ნაციონალიზაცია, სოციალური პროგრამების რეალიზაცია და აგრეთვე სიმდიდრის ნაწილობრივი გადანაწილება პროგრესული გადასახადების სისტემის მეშვეობით.

საბოლოოდ სოციალ-დემოკრატიული პარტიების უმრავლესობა უკანასკნელი პოზიციის უპირატესობის აღიარებამდე მივიდა და პოსტ II მსოფლიო ომის პერიოდში უარი თქვა რაიმე სახის ვალდებულებაზე კაპიტალისტური სისტემის დასრულებისთვის ბრძოლის შესახებ. მაგალითად 1959 წელს გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ქალაქ გოდესბერგში მიიღო პროგრამა, რომელიც უარყოფდა კლასობრივ ბრძოლასა და მარქსიზმს. იტალიაში დემოკრატიულ სოციალისტური პარტია 1947 წელს დაარსდა და 1948 წელს მხარი დაუჭირა ცენტრისტული ალიანსის იდეას. 1980-იანი წლების შემდეგ ბევრმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიზიარა „მესამე გზა“ და მისი პრინციპები როგორც ფორმალურად ისე პრაქტიკაში. თანამედროვე სოციალ-დემოკრატები როგორც წესი ემხრობიან შერეულ ეკონომიკას, რომელიც დიდწილად კაპიტალისტურია, მაგრამ აგრეთვე დაცულია დაქირავებული მუშახელის უფლებები, არსებობს ფართო სოციალური პროგრამები და საყოველთაო ხელმისაწვდომობა კეთილდღეობის ინსტიტუტებზე.

იმ პოლიტიკის დიდი ნაწილი რასაც სოციალ-დემოკრატები მეოცე საუკუნის დასაწყისში უჭერდნენ მხარს, მსოფლიოს ყველა ინდუსტრიულად განვითარებულ ნაწილში პრაქტიკაში იქნა განხორციელებული სოციალ-დემოკრატიული მთავრობების მიერ. ინდუსტრიული სფერო ნაციონალიზებული იქნა, ჩამოყალიბდა საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო ანუ გაუმჯობესდა მუშათა უფლებები და მდგომარეობა, ხოლო სახელმწიფოს როლი უფასო ან სუბსიდირებული სამედიცინო მომსახურებისა და ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანდ გაიზარდა.

მიუხედავად ამისა 1980-იანი წლებიდან მოყოლებული სოციალ-დემოკრატია დასავლურ სამყაროში გარკვეულწილად პოზიციებს თმობს და უკან იხევს. განსაკუთრებით ინგლისურენოვან ქვეყნებში სადაც სოციალ-დემოკრატიული ფასეულობები არ არის იმდენად გამყარებული ადგილობრივი კანონმდებლობითა და კულტურით, როგორც სხვაგან. უკანასკნელ წლებში რამდენიმე ისტორიული სოციალ-დემოკრატიული პარტია და მთავრობა სოციალ-დემოკრატიის ტრადიციული ელემენტებიდან ე.წ. მესამე გზაზე გადავიდნენ და მხარს უჭერენ პრივატიზირების პროცესსა და ბაზრის რეგულირების ფორმების შემცირებას.

ბევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ მესამე გზის იდეოლოგიის მიღებამ განხეთქილება გამოიწვია უფრო ფართო სოციალ-დემოკრატიულ საზოგადოებაში. ტრადიციული სოციალ-დემოკრატები ამტკიცებენ რომ მესამე გზის იდეოლოგია მეტისმეტად ცენტრისტულია და უფრო მეტიც ასეთი ტემპებით მოძრაობა შეიძლება მემარჯვენე ცენტრისტულიც კი გახდეს. პარტიის შიგნით ოპოზიციის გარდა მესამე გზის მომხრეები პრობლემებს წააწყდნენ თავიანთ ძირითად ამომრჩევლებთანაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათმა ლიდერებმა სოციალ-დემოკრატიის ძირითად პრინციპებს უღალატეს.

მესამე გზის მომხრეები კი ამტკიცებენ, რომ ეს უბრალოდ წარმოადგენს სოციალ-დემოკრატიული იდეების თანამედროვე სამყაროს რეალიებთან აუცილებელ და პრაგმატულ ადაპტაციას: ტრადიციული სოციალ-დემოკრატიის აღმავლობის პერიოდი ომის შემდგომ ბრეტონ-ვუდსის კონსესუსის ჩამოყალიბებას დაემთხვა რომელიც 1970-იან წლებში დასრულდა. გარდა ამისა განვითარებული ქვეყნის პოლიტიკური პარტიებისთვის მკაფიო მემარცხენე პალატფორმით არჩევნებში გამარჯვება სულ უფრო ძნელი გახდა, რადგან ამომრჩეველების უდიდესი ნაწილი საშუალო კლასს შეადგენს და უფრო სხვა სახის წინასაარჩევნო პროგრამებს უჭერს მხარს.

ბრიტანეთში სწორედ ასეთმა ამომრჩეველმა ლეიბორისტული პარტია ზედიზედ ოთხჯერ 1979-დან 1997 წლამდე არ აირჩია ხელისუფლებად, ამის გამო მესამე გზის პოლიტიკოსმა ტონი ბლერმა და მისმა კოლეგებმა მიიღეს სტრატეგიული გადაწყვეტილება საჯაროდ უარყვეს მათი პარტიის ძველი აშკარად უფრო სოციალ-დემოკრატიული პრინციპები და საფუძველი ჩაუყარეს უფრო ცენტრისტული ორიენტაციის ახალ ლეიბორიზმს, რომლის მეშვეობითაც არჩევნებში გამარჯვება მოახერხეს, თუმცა ლეიბორისტულმა მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში 1997 წელს მოვიდა, ვერ შესძლო რეალური ცვლილებების მიღწევა და გააგრძელა ტენდენცია, რომელიც მარგარეტ ტეტჩერმა დაიწყო 1980-იან წლებში და პრივატიზირების პოლიტიკას გულისხმობდა. ხოლო განხვავება მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებში კვლავაც არ შემცირებულა.

მესამე გზის წარუმატებლობამ და მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა სოციალ-დემოკრატიის განახლება და ახალი პოლისების შემუშავება დააყენა დღის წესრიგში, რომლის ძირითადი პრინციპებისა და მიმართულებების შემუშავება ფართო განსჯის საგანი გახდა მემარცხენე და მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალებსა და ანალიტიკურ ცენტრებს შორის. ეს დისკუსია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მაგრამ დღეისთვის არსებული ტენდენცია იმისაკენ მიუთითებს, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიები ცდილობენ უფრო ტრადიციულ სოციალ-დემოკრატიულ პრინციპებსა და პოზიციებს დაუბრუნდნენ.

ძირითადად თანამედროვე სოციალ-დემოკრატია მხარს უჭერს:

სოციალ-დემოკრატიული პარტიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „პოლიტიკური იდეოლოგიები, შესავალი კურსი“, ენდრიუ ჰეივუდი, ლოგოს პრესი, 2004 წ. გვ. 159-169 ISBN 99928-928-4-6
  1. Richard T. Ely, French and German Socialism in Modern Times. New York: Harper and Brothers, 1883; pg. 204.
  2. Berman, Sheri. Understanding Social Democracy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-24. ციტირების თარიღი: 2007-08-11.
  3. Berman, Sheri. Social Democracy and the Making of Europe's Twentieth Century. Cambridge University Press, 2006. Pp. 38-39.
  4. Om Arbeiderpartiet
  5. Merkel, Wolfgang; Petring, Alexander; Henkes, Christian; Egle, Christoph (2008). Social Democracy in Power: the capacity to reform. London: Taylor & Francis.
  6. (2012) An Introduction to World Politics: Conflict and Consensus on a Small Planet. Rowman & Littlefield, გვ. 218. ISBN 978-1-4422-1803-1. 
  7. Clive Bean (2009). Electoral Change: Responses to Evolving Social and Attitudinal Structures in Western Countries. ECPR Press, გვ. 285. ISBN 978-0-9558203-1-1. 
  8. Nordsieck, Wolfram. (2019)Switzerland. ციტირების თარიღი: 9 November 2019